ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივებას და კანონის სწრაფად მიღებას მხარს დავუჭერ - პრეზიდენტი

12:15 05-27-2018
463

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ენის შენარჩუნებასა და ორმაგ მოქალაქეობაზე ისაუბრა.

პრეზიდენტის განმარტებით, ენის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესი მიზანი უნდა იყოს და მზად არის კონკრეტული პროექტის არსებობის შემთხვევაში, მასში ჩაერთონ.

გიორგი მარგველაშვილმა, ასევე, ორმაგი მოქალაქეობის მიღების წესების გამარტივებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ  ორმაგი მოქალაქეობის მიღების პროცედურები უფრო გამარტივდება.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის პარლამენტში ორმაგი მოქალაქეობის მიღების წესების გამარტივებაზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს და იგი ამ ნორმების ლიბერალიზაციას მხარს დაუჭერს.

„როდესაც პროცედურა დადგენილია ორმაგი მოქალაქეობის და იქ რაღაც პროცედურული პროცესებია გასავლელი, ეს ბუნებრივად ანელებს ამ პროცესსა და თუ იქნება, ბევრად უფრო ლიბერალური მიდგომა ამ საკითხისადმი და თქვენი ორმაგი მოქალაქეობის თაობაზე პროცედურები არ იქნება იმ რთული პროცესით გასატარებელი, რომელიც ახლა არის განსაზღვრული, ჩემთვის ეს იქნება ნამდვილად სასიხარულო და მე მხარს დავუჭერდი და მივესალმები რაც შეიძლება სწრაფად ამ კანონის მიღებას" - განაცხადა მარგველაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ქართული დიასპორის ფორუმი “ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ იმართება. ღონისძიება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.



ავტორი: