ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით მისი შვილის მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებები დამალა:
"მესამე დღეა გრძელდება ნიკოლეიშვილის დაკითხვა. რა ექსპერტიზის პასუხებიც წარმოადგინა მაია ნიკოლეიშვილმა, აბსოლუტურად გამორიცხავს მხოლოდ და მხოლოდ იმ ორი დანის გამოყენებას ჩემი შვილის სხეულზე, რომელიც საქმის მასალებში დევს. აქ იკვეთება გარკვეული საგნები, რომლითაც ჩემს შვილს სხეულზე ჭრილობები მიაყენეს, რაც სამხარაულის ექსპერტმა დამალა. დამალა ჭრილობების ის ფოტოსურათებიც, რომელიც მაია ნიკოლეიშვილმა წარმოადგინა, სადაც არის ჭრილობები სამკუთხა ფორმის და ზიგზაგის ფორმის. ეს დამალა ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით", - განაცხადა ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე.
საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ ჩატარებულ ალტერნატიულ ექსპერტიზას განიხილავენ. დღევანდელ სხდომაზე, უკვე მეორედ, ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი დაიკითხება. როგორც გაირკვა, საქმეში ახალი დეტალები იკვეთება:
„კვლევა ჩავატარე ნივთმტკიცებებზე ტანსაცმელსა და დანებზე. აღწერილობები იძლეოდა ეჭვების საფუძველს. თვალით ვნახე და ამის დოკუმენტირება მოვახდინე პროცესზე. ფაქტობრივად პროკურორები ჩემგან ითხოვდნენ პასუხებს, რაზეც მათ 6 თვის განმავლობაში უნდა მიეღოთ. მათთვის მოულოდნელი იყო ის რაზეც აქამდე საუბარი არ ყოფილა. პროკურორები არ ისმენენ იმას, რასაც მე ვამბობ და ცვლიან ჩემს ნათქვამს. მე ვთქვი რომ საქმეში მაკრატელი იყო, თუმცა ვერ ვიტყვი როგორ მოხდა ეს საქმეში ან ვის დარჩა" - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე კი, ამტკიცებს, რომ მაკრატელი ადგილზე მედიკოსებს დარჩათ:
„მაკრატელი ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან, თუმცა დადასტურებულია, რომ ეს არის სამედიცინო პერსონალის მაკრატელი.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
დრეს, პარლამენტის წინ, გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე მასშტაბური აქციის ჩატარებას გეგმავს. იგი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს, რომ მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი სათანადოდ დაისაჯოს.
ჩვენი მხრიდან დასმულ კრიტიკულ შეკითხვებს ქალბატონი ექსპერტი ვერ პასუხობს.
მაია ნიკოლეიშვილი არის მედიცინის დარგში ექსპერტი და ის საუბრობს არა სამედიცინო კვლევასთან დაკავშირებით, არამედ ტანსაცმელზე ჩატარებულ კვლევაზე. ეს რადიკალურად განსხვავდება მედიცინის სფეროსგან. მთავარი არის არა ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები, არამედ სხეულზე არსებული დაზიანებები. ჩვენ ბრალდებულებს ვედავებით სხეულზე არსებულ დაზიანებებს.
ექსპერტს კვლევა არ ჩაუტარებია კანზე. მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ ვერ მოესწრებოდა ჩატარება. ის ასევე ამბობს, რომ ვარაუდებზე დაყრდნობით აკეთებს განცხადებებს" - განაცხადა პროკურორმა.