ჩვენი სახელმწიფოსთვის თითოეული თქვენი წარმატებული ნაბიჯი ძალიან დიდი ღირებულების მატარებელია - მიხეილ ჯანელიძე დიასპორის წარმომადგენლებს

15:12 05-27-2018
84

27-28 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ქართული დიასპორის ფორუმი იმართება, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
 
ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალემებელი სიტყვით მიმართა ვიცე-პრემიერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რომელმაც ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფორუმი მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების გაღრმავებას და დიასპორული ორგანიზაციების მხარდასაჭერად ეფექტური გზების ძიებას.
 
“მოხარული ვარ რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე მეორედ ატარებს დიასპორის ფორუმს, რომლიც კარგი შედეგების მომტანია. გასულ წელს გვქონდა ყველა საკითხის ძალიან აქტიური განხილვები და მოვახერხეთ იგი აგვესახა სტრატეგიაში, რომელიც თქვენთან ერთად შემუშავდა. პირველად შეიქმნა ჩარჩო დაკუმენტი დიასპორასა და სახელმწიფოს ურთიერთოებების შესახებ, რომელიც განსაზღვრავს ძალიან ბევრ მიმართულებას, რომელსაც აქტიურად ვანვითარებთ” - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
 
მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში საკონსტიტუციო ფორმით დიასპორასთან ურთიერთობების დარეგულირების კუთხით გადადგმულ მნიშვენლოვან ნაბიჯებზე გაამხვილა ყურადღება. მათ შორის, აღნიშნა, რომ განისაზღვრა დიასპორასთან ურთიერთობის სტატუსი, რომელიც პირველად აისახა კონსტიტუციაში. მინისტრის თქმით, აღნიშნული ხაზს უსვამს ქვეყნის პოლიტიკურ ინტერესს, რომ გაძლიერდეს ურთიერთობები ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან.

მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ქონის აუცილებლობაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ კუთხით მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელთან ერთადაც შემუშავდა ერთი ფანჯრის პრინციპზე შექმნილი, ურთიერთსარგებლიანობაზე დაფუძნებული, მომხმარებელზე ორიენტირებული ინფორმაციისა და სერვისების მიმწოდებელი დიასპორული ვებ პორტალის კონცეფცია, რომლის მიხედვითაც შექმნილია ვებ გვერდი. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, აღნიშნული პლატფორმა შექმნის ახალი კომუნიკაციის შესაძლებლობას.
 
ჯანელიძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ დიასპორის წარმომადგენლების მიერ სამშობლოს განვითარებაში შეტანილი წვლილის დაფასების მიზნით მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობაზე.
 
"მნიშვნელოვანია დიდი ყურადღება დავუთმოთ იმ ადამიანებს, ვისაც დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს სახელის გაძლიერებაში. თითოეულ თქვენთაგანს ძალიან დიდი როლი აქვს იმისათვის, რომ საქართველომ მსოფლიოს ასპარეზზე დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ღირსეულმა ქვეყანამ. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი წარმატებული დიასპორელი. ჩვენი ახალი სახელმწიფოსთვის თითოეული თქვენი წარმატებული ნაბიჯი არის ძალიან დიდი ღირებულების მატარებელი. ჩვენი სურვილია, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ თქვენს წარმატებას, თქვენს ადგილსამყოფელ ქვეყნებში და მსოფლიო მაშტაბით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი” - განაცხადა მინისტრმა.
 
საკუთარ გამოსვლაზე მიხეილ ჯანელიძემ ასევე ისაუბრა დიასპორის წარმომადგენლისთვის სერვისებზე წვდომის გასააქტიურებლად დაწყებული სამუშაოების შესახებ, რომელიც იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს.
 
მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და დიასპორის წევრების შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა  და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება საზღვარგარეთ ქართული ენის ცოდნის გასაძლიერებლად.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა ახალ ინიციატივას, რომლითაც საზღვარგარეთ ქართველი სტუდენტებს მიეცემათ საშუალება საქართველოს საჯარო სამსახურში კონკურსში ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიიღონ მონაწილეობა.
 
ღონისძიებაზე სიტყვით ასევე წარსდგნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ნოე ჟორდანიას შვილი რეჯებ ჟორდანია.
 
გახსნის ცერემონიის დასრულებისას ფორუმის მონაწილეებმა მუშაობა განაგრძეს ოთხ თემატურ ჯგუფში: განათლება, კულტურა, მედია და სახალხო დიპლომატია, ბიზნესი და ეკონომიკა. თითოეულ თემატურ ჯგუფში იმსჯელებენ კონკრეტულ სფეროში არსებულ გამოწვევებზე და ეფექტური თანამშრომლობის გზებზე.
 
დიასპორის ფორუმში მონაწილეობას იღებენ  საქართველოს ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.ასევე საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ორგანიზაციებისა და საკვირაო სკოლის ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა პროფესიულ სფეროში მოღვაწე თანამემამულეები და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები.  ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 22 ქვეყნიდან 400 მდე სტუმარი იღებს.
 
ღონისძიების მონაწილეები შეხვედრას გამართავენ სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან. ეწვევიან საქართველოს საოკუპაციო ხაზს. ასევე გვირგვინით შეამკობენ კოჯორში იუნკერთა მემორიალს. გაიმართება ოფიციალური მიღება საგარეო საქმეთა მინისტრის სახელით. ფორუმის მონაწილეები ასევე დაესწრებიან ეთნოგრაფიული კულინარიის ფესტივალსა და კონცერტს.
 
დიასპორის ფორუმი სასტურმო ბილტმორში იმართება. ​

 

 

 

 

 

ავტორი: