ავტორი: ქეთი ხატიაშვილი
მეოცე საუკუნის დასაწყისშიც საქართველომ საგარეო ფაქტორებით ისარგებლა და დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მეოცე საუკუნის დასასრულსაც საგარეო ფაქტორებმა თბილისს კიდევ ერთი და, ალბათ, ბოლო შანსი მისცა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ასაშენებლად.
ორივე შემთხვევაში ბევრი რამ დამოკიდებული იყო რუსეთზე. მაშინ მეფის რუსეთი დაეცა, ახლა – საბჭოთა იმპერია. თუმცა, მაშინ საქართველომ ვერ დაიცვა თავი ბოლშევიკებისგან, ახლა კი საქართველოს პარტნიორი დასავლეთია. სწორედ მათი დახმარებით ჩვენი დამოუკიდებლობა უფრო მეტ წელს ითვლის, ვიდრე 1918 წელს...
ახლა დასავლეთიც უფრო გამოცდილია. მაშინ, პირველი მსოფლიო ომის ფონზე, საქართველოსთვის არავის ეცალა. თუმცა, 70 წლის შემდეგ ყველაფერი თითქოს ზღაპარივით დასრულდა: დიდი ბოროტება დაინგრა და საქართველოს დამოუკიდებლობის შანსი გაუჩნდა.
მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება იმდენად ნაუცბადევად და მოულოდნელად მოხდა, რომ, ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ამისთვის მზად თბილისში არავინ არ იყო. ახლა კი დამოუკიდებლობის აღსანიშნავად 7 ქვეყნის პრეზიდენტი ეწვია, მანამდე კი პრემიერ კვირიკაშვილის წარმატებული ვიზიტი შედგა ამერიკაში. ვაშინგტონში კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ჩვენს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას.
მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნის სისტემა Google-მა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე მიულოცა.
ბელგიაში, ბრიუსელის სიმბოლოს, ბიჭუნას ცნობილ ქანდაკებას Manneken-Pis-ს ქართული ჩოხა ჩააცვეს. შესაბამისი ფოტო ევროკავშირში საქართველოს მისიამ გაავრცელა.
„გილოცავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს“, – ნათქვამია Twitter-ის გვერდზე.
ლიეტუვაში საქართველოს დიდი დროშა გაშალეს. საქართველოს დამოუკიდებლობა ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებშიც აღნიშნეს. საქართველო მარტო აღარ არის რუსეთთან პირისპირ. თუმცა, საფრთხე ახლაც დიდია.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ ისტორიკოს დათო გამცემლიძეს ესაუბრა:
– განვლილი საუკუნე, პოლიტიკური თვალსაზრისით, სამ ქრონოლოგიურ პერიოდს მოიცავს. პირველი: 1918 წლის 26 მაისიდან 1921 წლის 25 თებერვლამდე: დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნება და მისი არსებობა – ოკუპაციამდე.
ეს არის საამაყო ფურცელი ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში. არსებითია არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა, არამედ ამ სახელმწიფოებრიობის შინაარსი: „პირველი რესპუბლიკა“ იყო დემოკრატიული სახელმწიფო, მრავალპარტიული საპარლამენტო მმართველობით, რომელმაც გააუქმა სიკვდილით დასჯა და აღიარა ქალთა უფლებები, მათ შორის საარჩევნო უფლება, რაც 1918 წლისთვის ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც კი დაუშვებლად და წარმოუდგენლად მიაჩნდათ ჯერ კიდევ.
გარდა ამისა, თავისი შინაარსით და პოლიტიკური მიმართულებით ეს იყო სოციალური სახელმწიფო იმ აზრით, რა აზრითაც დღეს, მაგალითად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა ითვლება „სოციალურ“ სახელმწიფოდ, მაშასადამე, აღიარებს სახელმწიფოსა და საზოგადოების პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებათა მთელი სისრულის მიმართ.
დღეს ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული ცივილიზებული, განვითარებული ქვეყნები სწორედ „სოციალური სახელმწიფოები“ არიან. ამას ხაზი უნდა გავუსვათ, რადგან იყო დრო (ახლო წარსულში), როდესაც პირველი რესპუბლიკის „დამაკნინებლადაც“ კი მიიჩნეოდა სოციალ-დემოკრატიული უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის პირველ პარლამენტში; არადა, ეს არა თუ დამაკნინებელი არამედ საამაყოა, ვინაიდან იმ ეპოქაში სოციალური ტრანსფორმაცია სწორედ მემარცხენე, სოციალ-დემოკრატიული მიმართულების ძალებს უკავშირდებოდა და თუ ტოტალიტარულმა, ანტიდემოკრატიულმა, კომუნისტურმა რეჟიმმა ამ მიმდინარეობის დისკრედიტაცია შეძლო მომდევნო ათწლეულებში, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ „დამაკნინებლად“ მივიჩნიოთ ჩვენი პირველი რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატიული მმართველობა.
რომ დასცლოდა „საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას“, – მისი პლურალიზმითა და არჩევითი დემოკრატიით, – ის უეჭველად განვითარდებოდა იმავე მიმართულებით, როგორც დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოთა უმრავლესობა, ხოლო მემარცხენე ძალებს დროთა განმავლობაში ჩაანაცვლებდნენ მემარჯვენეები, კონსერვატორები და ა.შ.
მეორე პერიოდი გაგრძელდა 1921 წლის 25 თებერვლიდან 1990 წლის 28 ოქტომბრამდე, როდესაც საქართველოში ჩატარდა მრავალპარტიული არჩევნები და გაიმარჯვეს იმ ძალებმა, რომელთა ისტორიული ამოცანა და ფუნქცია იყო დამოუკიდებლობის აღდგენა.
მეორე პერიოდი ადამიანის დათრგუნვისა და ტოტალიტარიზმის ზეობის ხანაა. თუმცა, პირველი რესპუბლიკის, მაშასადამე, პიროვნული და ეროვნული თავისუფლების იდეალები ცოცხლობდა და მჟღავნდებოდა კიდეც როგორც თავდაპირველ გმირულ აჯანყებებში, ისე დისიდენტურ მოძრაობასა და ხელოვნებაში.
1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები, ჩემი აზრით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ისტორიული მოვლენაა, ვიდრე 1991 წლის 9 აპრილს მიღებული აქტი დამოუკიდებლობის აღდგენისა, რადგან 1990 წლის ოქტომბერში ხელისუფლების დემოკრატიული გზით შეცვლა იმის დადასტურება გახდა, რომ ერმა დაიბრუნა მისი ხელმწიფება ,ანუ სუვერენობა! დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარირებამ ეს „ხელმწიფება“ გამოხატა და დაადასტურა მთელი მსოფლიოს წინაშე.
სამივე ისტორიულ პერიოდს, რაც გასული ასწლეულის განმავლობაში გამოვიარეთ, საკუთარი გამოწვევები ჰქონდა და დღევანდელი გადმოსახედიდან თავისი გაკვეთილებიც ახლავს თან.
„პირველი რესპუბლიკის“ მესვეურებმა, ჩემი აზრით, სათანადოდ ვერ შეაფასეს დიდ ევროპულ სახელმწიფოებთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა და ვერ ააგეს ეს თანამშრომლობა ისე, რომ ქვეყანა მარტოდმარტო არ აღმოჩენილიყო აგრესორის პირისპირ!
კომუნისტური პერიოდის უმთავრესი გამოწვევა კი იმ თვისებებისა და ჩვევათა აღზრდა იყო, რაც ერს დაეხმარებოდა, გათავისუფლების ჟამს დამდგარ საფრთხეებს გამკლავებოდა უმძიმესი შეცდომებისა და კატასტროფულ მარცხთა მთელი სერიის გარეშე, რომელთაგან უმთავრესია სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომი და კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობა კრიმინალური დაჯგუფების მიერ, რომელმაც ისარგებლო საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების ფონით.
იმედი ვიქონიოთ, ამჟამად მიმდინარე სახელმწიფოებრივი მშენებლების პროცესი დასრულდება ევროპული ყაიდის, ძლიერი, მოქნილი, მდგრადი, კრეატიული, განვითარების იმმანენტური ინერციის შემცველი სახელმწიფოებრივი სისტემის შექმნით, რომელიც უზრუნველყოფს