პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე გენერალურ ინსპექციაში სამსახურეობრივი შემოწმება დაწყებულია - მთავარი პროკურორის მოადგილე

10:45 05-28-2018
349

მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა განაცხადა, რომ მაია ნიკოლეიშვილის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა სხვა მტკიცებულებებთან, რომელიც საქმეშია, წინააღმდეგობაშია.

"დაველოდებით სასამართლო პროცესების დასრულებას, რომ ვნახოთ სასამართლო რა შეფასებას მისცემს ამ და სხვა მტკიცებულებებს, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი" - განაცხადა გაბიტაშვილმა

მტავარი პროკურორის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ პროკურორების მიერ შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე, გენერალურ ინსპექციაში საგამოძიებო შემოწმება უკვე დაიწყეს:

„პროკურორების მხრიდან სავარაუდო გადაცდომის ფაქტზე საქართველოს მთავარი გენერალურ ინსპექციაში დაწყებულია სამსახურეობრივი შემოწმება. საგამოძიებო შემოწმება არის ახალი დაწყებული, ჩატარდება ყველა შესაბამისი მოქმედება იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა პროკურორების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი“ - განაცხადა გაბიტაშვილმა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ პროკურატურის დავალებით მისი შვილის მკვლელობის საქმეში არსებული მტკიცებულებები დამალა:

"მესამე დღეა გრძელდება ნიკოლეიშვილის დაკითხვა. რა ექსპერტიზის პასუხებიც წარმოადგინა მაია ნიკოლეიშვილმა, აბსოლუტურად გამორიცხავს მხოლოდ და მხოლოდ იმ ორი დანის გამოყენებას ჩემი შვილის სხეულზე, რომელიც საქმის მასალებში დევს. აქ იკვეთება გარკვეული საგნები, რომლითაც ჩემს შვილს სხეულზე ჭრილობები მიაყენეს, რაც სამხარაულის ექსპერტმა დამალა" - განაცხადა სარალიძემ.

რაც შეეხება კერძო ექსპერტ, მაია ნიკოლეიშვილს, იგი საქმეში ახალ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას :

"მათთვის მოულოდნელი იყო ის რაზეც აქამდე საუბარი არ ყოფილა. პროკურორები არ ისმენენ იმას, რასაც მე ვამბობ და ცვლიან ჩემს ნათქვამს. მე ვთქვი რომ საქმეში მაკრატელი იყო, თუმცა ვერ ვიტყვი როგორ მოხდა ეს საქმეში ან ვის დარჩა" - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე კი, ამტკიცებს, რომ მაკრატელი ადგილზე მედიკოსებს დარჩათ.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 

 

ავტორი: