„თეთრი ხმაურის“ „ტაიმ-აუტი“ - რა კანონის მიღებას ელოდებიან და რა მოთხოვნებს აყენებენ?

10:48 05-28-2018
222

ავტორი: ეკა პატარაია 

საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, სადაც საპროტესტო აქციები იმართება ნარკოტიკების ლეგალიზაციის მოთხოვნით, თითქმის ყველა ქვეყანაში გაიმართა აქციები მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხოვნით. მაგალითად, ურუგვაი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა,  სადაც მარიხუანა სრულად ლეგალიზებულია. ნებადართულია გაშენება, ტრანსპორტირება, გაყიდვა-მოხმარება. დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, საქართველოში ნარკოლეგალიზაციის საკითხი სულ უფრო მწვავდება, რისი მაპროვოცირებელიც, შეიძლება ითქვას, იყო კლუბ „ბასიანის“ და „გალერის“ შემთხვევა. 

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტები ამბობენ, რომ, თუ ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონის პროექტი შეჩერდება, უამრავი ადამიანი, რომლებიც თავისუფლებას ელოდებიან, ციხეში დარჩება. მათი აზრით, გარკვეული ჯგუფები კანონპროექტის დისკრედიტაციას ცდილობენ. საზოგადების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ლეგალიზაცია თავისთავად დანაშაულს ნიშნავს. საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, პოლიტიკურ დებულებათა ერთობლიობა კი, ასეთია: ფართოდ აღიარებულია, განსხვავების დადგენა – პირს ნარკოტიკები პირადი სარგებლობისათვის ჰქონდა თუ გასაღებისთვის, რაც ერთ-ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი საკითხია კანონმდებლებისა და პოლიტიკოსებისთვის; ჩვენ გთავაზობთ  სისტემას, რომელშიც ნარკოტიკების მოხმარება განიხილება სისხლის სამართლის სისტემის გარეთ. კანონპროექტთა პაკეტი ინიცირებულია ხუთი დეპუტატის: კაკი ზოიძის,  დიმიტრი ცქიტიშვილის, სოფიო ქაცარავას, ირინა ფრუიძისა და ლევან კობერიძის მიერ. პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტთა პაკეტს მხარი დაუჭირა, უმრავლესობიდან აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ამას მხარს ნაწილობრივ არ უჭერს.  

კაკი ზოიძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე: 

– ბატონო კაკი, რას გულისხმობს ნარკოლეგალიზაციის კანონპროექტთა პაკეტი?
– აღნიშნული კანონპროექტთა პაკეტი და ნარკოპოლიტიკის რეფორმის კონცეფცია გულისხმობს სამ ძირითად პრინციპს: ა) ნარკოტიკების არალეგალურ გასაღება/რეალიზაცია/გავრცელებასთან დაუნდობელი ბრძოლის გაგრძელება შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების კიდევ უფრო გამკაცრებით, მათ შორის „სააფთიაქო ნარკომანიასთან“ ბრძოლის მკაცრი საკანონმდებლო ნორმების შემოღებით; ბ) ნარკომომხმარებლების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება, ანუ ციხეში გაგზავნის ნაცვლად, მკურნალობა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის საშუალება; გ) პრევენცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და ამ საქმეში მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიციები უნდა იქცეს ნარკოპოლიტიკის ქვაკუთხედად. რა თქმა უნდა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ მოხმარება რჩება არალეგალური. ანუ ექვემდებარება კონფისკაციას და ადმინისტრაციულ შეზღუდვებს და შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, ნარკომომხმარებლები განმეორებითი მოხმარების შემთხვევაში, თუ არ სურთ მკურნალობა, დაექვემდებარებიან სამოქალაქო უფლებების მნიშვნელოვან შეზღუდვას. ეს არის საჯარო სამსახურში და მთელ რიგ პროფესიებში (ექიმი, მასწავლებელი, მოსამართლე, მფრინავი, მძღოლი და ა.შ.) დასაქმების აკრძალვა, მართვის მოწმობისა და პასპორტის ჩამორთმევა, საჯარო ადგილებში (კონცერტი, ღამის კლუბი) დაშვების აკრძალვა და ა.შ. ეს იმიტომ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ მკურნალობის და რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მოტივაცია.

– ეს აქციები, ლეგალიზაციის მოთხოვნით, თავისთავად გულისხმობს რეალიზაციის თავისუფლებასაც. ამაზე რა გვეტყვით?  

– არავითარი ლეგალიზაცია, ანუ ნებისმიერი ნარკოტიკის თავისუფლად გაყიდვა ან ყიდვა არ იგეგმება, ეს არ მოხდება.  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, სამწუხაროდ, გვაქვს რეალობა, როდესაც დეფაქტო ლეგალიზებულია კანაფი (მარიხუანა), რაც, ჩემი აზრით, არ არის სწორი და საჭიროა პირიქით, კანაფზე მკაცრი რეგულირებისა და კონტროლის შემოღება, არათუ შემდგომი ლიბერალიზაცია. 

სოფო ქაცარავა პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: 

„ამ დროისთვის მიმდინარეობს საკითხის ირგვლივ მსჯელობა, რომელიც, ერთი მხრივ, კიდევ უფრო გაამკაცრებს ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლას და მეორე მხრივ, შეამცირებს ნარკომომხმარებლების რაოდენობას. ფაქტია, რომ დღევანდელი რეალობა, ნარკომომხმარებელთა რაოდენობის თვალსაზრისით, საკმაოდ მძიმეა და ამ არგუმენტს სტატისტიკაც ამყარებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, უფრო კომპლექსური, თანმიმდევრული და ჰუმანური მიდგომით, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას. ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, რა ფორმებითა და კონკრეტულად რა საკანონმდებლო ცვლილებებით წარიმართება ეს პროცესი, თუმცა ნარკოპოლიტიკის მთავარი არსი ნათელია. კიდევ ერთხელ რომ განვმარტო ჩვენი საზოგადოებისთვის, რადგან ეს თემა საკმაოდ აქტუალურ თემად იქცა: ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს სანქციები და გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა შევქნათ ისეთი პირობები, რაც მოახდენს ნარკომანიის პრევენციას და ხელს შეუწყობს ნარკომომხმარებლების რაოდენობის შემცირებას“. 

დეპუტატი, ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე  გაგა ბუკია ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრე არ არის. მან საპარლამენტო ტრიბუნიდან თქვა, რომ იმ თაობის წარმომადგენელია და კარგად იცის, რა გამოიწვია მარიხუანამ. „ჩემი ბევრი მეგობარი დღეს ცოცხალი აღარაა იმიტომ, რომ მარიხუანით დაიწყო და მძიმე ნარკოტიკზე გადავიდა… აღარ მინდა ის დღე დაბრუნდეს, როდესაც ჩემს ბავშვობაში ნარკომანი „თითით საჩვენებელი“ ბიჭი იყო“:

–  დიახ, წინააღმდეგი ვარ ლეგალიზაციის. ყოველ შემთხვევაში ჩვენ, „კონსერვატორებს“, გვინდა, ისეთი კანონი მივიღოთ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ხელმისაწვდომობა არ გაიზარდოს ნარკოტიკების მოხმარების და არ იყოს ადვილად ხელმისაწვდომი, აგრეთვე, იმ ადამიანებისთვის, ვინც ნარკოტიკს არ მოიხმარს. რაც არის დახმარება თუ სხვადასხვა მიდგომები, აპრობირებულ ქვეყნებში, მაქსიმალურად უნდა შემოვიტანოთ კანონში, რომ მოხდეს  ამ ადამიანების განკურნება. მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოში არცერთი პატიმარი არ არის მხოლოდ მოხმარებისთვის. მე შემიძლია გადმოგცეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან მიღებული წერილი, ეს არის საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი, სადაც წერია, რომ განმეორებით მოხმარების გამო შეიძლება პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეეფარდოს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ დეკრიმინალიზება მოხდეს, იქაც ამ მუხლის გაუქმებაზეა საუბარი – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დარჩეს თუ არა. რაც შეხება ნარკომოვაჭრეებს, არაფერ შეღავათზე არ არის საუბარი. პირიქით, შესაძლოა, კიდევ უფრო დავამძიმოთ ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ პასუხისმგებლობა. აღმკვეთი ღონისძიება სხვადასხვა რაოდენობის გასაღებაზეა, 260-ე მუხლის პირველი ნაწილია, რაც ითვალისწინებს 5-დან 8-მდე თავისუფლების აღკვეთას, შესაძლოა 20 წლამდეც გაიზარდოს.  

–  საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ნარკოტიკების ლეგალიზაცია მხოლოდ დაუსჯელს გახდის დანაშაულს. ნარკოდილერი ან კატასტროფულად გააძვირებს ისედაც არც ისე იაფ ნარკოტიკს ან უბრალოდ შეეშვება დილერობას.    

– ამაზე მიდის საუბარი ახლა ჩვენ შიგნით, უმრავლესობაში, სად არის დასაშვები ზღვარი, იმ პრინციპიდან გამომდინარე სწორედ, რომ არ გაიზარდოს ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა. ეს კანონი მარტო ნარკომანებს ხომ არ შეეხებათ, შეეხებათ პოტენციურად ყველას. „თეთრი ხმაური“ ითხოვს იმას, რაც თვითონ უნდა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მათთვის მიღებული კანონი. ეს შეგვეხება თქვენც, მეც და ყველა ჩვენგანს. „თეთრ ხმაურს“ უნდა, ლეგალიზებული იყოს კიარადა, რაც შეიძლება მეტი ნარკოტიკი იყოს ქვეყანაში და ამას ღიად ამბობენ. ჩვენ გვინდა ისეთი კანონი მივიღოთ, რომლითაც შეიძლება არავინ არ დარჩეს კმაყოფილი, მაგრამ ქვეყნისთვის იყოს უკეთესი გამოსავალი. 

დავით სუბელიანი მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქტივისტი: 

 – პარლამენტისგან მოვითხოვთ ხალხთან დგომას და იმ ერთადერთი სწორი რეფორმის განხორციელებას, რაც დაეხმარება  ათასობით ადამიანს და მათ ოჯახებს, ოდნავ მაინც გაიუმჯობესონ დანგრეული ცხოვრება. წართმეულ წლებს, მუდმივი ტერორით მიყენებულ ზარალს ვერასდროს ავანაზღაურებთ, მაგრამ მცირე იმედს მაინც ჩავუსახავთ ამ ადამიანებს, რომ მომავალში მაინც იპოვიან ნორმალურ ცხოვრებას. პარლამენტისგან მოვითხოვთ, რომ სისტემის წინააღმდეგ გაიბრძოლონ, დათმონ დიდი პოლიტიკური მიკუთვნებულობით მინიჭებული ნოტარიული როლი და გაწერონ ის კანონები, რასაც ზემოდან ჩასძახებენ.  ეს რეფორმა წელიწადზე მეტია ოფიციალურად დადის პარლამენტის ოთახებში, ნახევარი წელი არაფორმალური კონსულტაციებით იღებდა იმ საბოლოო ფორმას, რომელიც „ოცნების“ ხუთი დეპუტატის ინიცირებით დადგა დღის წესრიგში. პოლიციისგან კი, მოვითხოვთ, არ გააკეთონ არასდროს იმაზე მეტი, ვიდრე ეს კანონით არის გათვალისწინებული. არ ჩაუდონ, არ შეამოწმონ სამკურნალო დაწესებულებიდან გამოსული, არ იძალადონ მომხმარებლებზე, არ იყვნენ ზიზღით გამსჭვალულნი და სწორედ ამით შეიტანონ თავისი სამოქალაქო წვლილი ქვეყნის სწორად განვითარებაში. პარლამენტისგან უნდა განახლდეს იმ კანონპროექტის განხილვა, რომლის ინიცირებაც გასული წლის ივნისში მოხდა „ქართული ოცნების“ ხუთი დეპუტატის მიერ. ეს არის საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის ავტორობით შემუშავებული კანონპროექტი, რომელიც ინიცირებამდე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატში დაიხვეწა. მიუხედავად იმისა, რომ 10 ივნისს, „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის მიერ პარლამენტის წინ ორგანიზებული მასშტაბური აქციის პარალელურად პრემიერ-მინისტრმა ამ კანონპროექტის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და პარლამენტს სთხოვა, საშემოდგომო სესიის დასრულებამდე მიეღო ეს კანონი, დღემდე გაურკვეველია, რა ბედი ეწევა მას. პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე კანონპროექტის განხილვაზე უარი განაცხადა ხელისუფლებამ და სანაცვლოდ ალტერნატიული  კანონპროექტი შემოგვთავაზა. ეს უკანასკნელი, 8 ნივთიერების, ამ დრომდე არარსებული, მცირე ოდენობის შემოღებას გულისხმობს, რომელიც რეპრესიული ნარკოპოლიტიკით გამოწვეული უამრავი უსამართლობიდან მხოლოდ ერთ მცირედ ნაწილს აგვარებს. ეს უკავშირდება  ცარიელი შპრიცების გამო ადამიანების წლობით ციხეში განთავსებას. ამიტომ აქტივისტებმა ამ ალტერნატიულ  პროექტს „ცარიელი შპრიცების“ რეფორმა შეარქვეს. 

– საინტერესოა ისიც, რომ თქვენი აქციების პარალელურად რამდენიმე სასულიერო პირიც ატარებდა აქციას, რაც დაპირისპირებას შესაძლებელს ხდიდა.   

– სასულიერო პირებთან დაპირისპირებას არ ჰქონია ადგილი ბოლო აქციის დროს. 2017 წლის 10 დეკემბერს კი, როდესაც ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს ტრადიციად ქცეულ დიდ აქციას ვატარებდით რესპუბლიკის მოედანზე, საკმაოდ ორგანიზებული, „არა ნარკოტიკს“ და მსგავსი შინაარსის ტრანსპარანტებით შეიარაღებული 50-მდე სამღვდელო პირი გამოჩნდა, რომლებიც მშვიდობიანად იდგნენ და ამ სახით აპროტესტებდნენ იმას, რასაც ჩვენ არასდროს ვაკეთებდით – ნარკოტიკების პოპულარიზაცია და პროპაგანდა. იყო მომენტი, როდესაც რამდენიმე მხარდამჭერი საკმაოდ ცხარე დისკუსიაში შევიდა მათთან, მაგრამ სულ რამდენიმე წუთში ეს დისკუსიაც დასრულდა და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მათ დატოვეს ტერიტორია. მე ამ მოვლენას არ გავუღიზიანებივარ, პირიქით, შესაძლებლობად დავინახე, რომ მათთვის აგვეხსნა, სინამდვილეში რისთვის ვიბრძვით – რომ 3000-მა ნარკოპატიმარმა სასწრაფოდ უნდა დატოვოს საპყრობილე და ამის ყველაზე მოსახერხებელი გზა იმ კანონპროექტის მიღება იქნებოდა, რომლის მსგავსმა მოდელებმაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმატებით იმუშავა. ჩვენი „კანონპროექტის“ მთავარი არსი არის იმაში, რომ მომხმარებელი არ იქნას დამნაშავედ მიჩნეული, რაც მათი უსამართლოდ რეპრესირებისა და მათი ოჯახების და ახლობლებისთვის უზარმაზარი ფინანსური და მორალური ზიანის მომტანია. ნარკოტიკებთან ბრძოლის სახელით წარმოებულმა ომმა ადამიანებთან უამრავი ზიანი მოიტანა, მათ შორის პრობლემური მოხმარების მაღალი მაჩვენებლების ჩათვლით. 15-56 წლის ასაკობრივი კატეგორიის ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა მნიშვნელოვანი ჯანდაცვითი და სოციალური პრობლემის მატარებელია, და მათგან 10,000-მდეს თუ მიუღია რაიმე სახის სამედიცინო დახმარება. ასობით ადამიანი კვდება ყოველწლიურად ზედოზირებით, სახელმწიფო კი დუმს და მხოლოდ გახმაურებულ შემთხვევებს პასუხობს პოპულისტური, ხშირად მავნებლური მოქმედებებით. 

– გვაინტერესებს, როდის აპირებთ აქციების განახლებას და როგორ მიდის მუშაობა იმ ჯგუფებში, რომელიც 12 მაისის შემდეგ შედგა?.. 

– ეს მდგომარეობა ჩემთვის წააგავს დიდი, დამანგრეველი მიწისძვრის ან ატომური ბომბის ჩამოგდების შემდგომ მდგომარეობას, როდესაც ყველა შეზანზარებულები ვართ და აზრი არ მოგვეკითხება. ჩვენ ყველას გვჭირდება გარკვეული დრო იმისთვის, რათა მკვეთრად დავინახოთ სურათი, საერთო მოსაზრება ჩამოვიყალიბოთ იმის თაობაზე, რა მოხდა, რა ზეგავლენა იქონია ამ პროცესებზე, სისტემაზე, მოძრაობებზე, საზოგადოებაზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ სტრატეგიებზე. ერთი კი ნათელია, ეს ხალხი, ჯგუფები ვინც ასე მხურვალედ მოძრაობს ცვლილებებისთვის, და ეს არის ქუჩაში გამოსულ 15,000 ადამიანზე მრავალჯერ მეტი, არასდროს დათმობს ამ ბრძოლას. თუ რამდენ ხანს გასტანს ეს, ძნელი წარმოსადგენია. 

– მაინც რამდენად ერთიანია თავად „თეთრ ხმაურის“ ხედვა? 

– საუბარია, ალბათ, მარიხუანის ლეგალიზაციაზე, რომელიც არაოფიციალურად დაანონსდა საქართველოში ბოლო მოვლენების კვალდაკვალ. იდეალურ სამყაროში, ნარკოტიკების შავი ბაზარი უნდა ამოვიდეს კრიმინალური ეკონომიკიდან და იქცეს სათანადოდ რეგულირებულ ბაზრად. ამიტომ, რა თქმა უნდა, თავისთავად ის ფაქტი, რომ მარიხუანის რეალიზაცია მოექცევა ლეგალურ, რეგულირებულ ჩარჩოებში, არ შეიძლება უარყოფითად შეფასდეს,  თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ პასუხობს იმ საჭიროებებს, რის გამოც შეიქმნა ჩვენი მოძრაობა. ჩვენ ვერ დავავიწროებთ ნარკოპოლიტიკას მარიხუანის რეგულირებასთან. ჩვენი მიზანია არნახული, უსამართლო ძალადობა დავასრულოთ მომხმარებლების წინააღმდეგ, რათა მათ მიეცეთ შანსი, საჭიროების შემთხვევაში მიიღონ შესაბამისი დახმარება.