საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - სტრასბურგიდან ჰააგის ტრიბუნალამდე

11:03 05-28-2018
957

ავტორი: ქეთი ხატიაშვილი

სტრასბურგის ევროპული სასამართლოს შემდეგ პროცესი ჰააგაში გადაინაცვლებს. ექსპერტების აზრით, ერთის გადაწყვეტილება მეორეზე აუცილებლად იმოქმედებს. 

ექსპერტ ლევან ალაფიშვილის მოსაზრებით:

„სტრასბურგის გადაწყვეტილებას შეუძლია ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა. ორივეს ერთად შეიძლება გაეროს უშიშროების საბჭოში საქართველოს საკითხზე რუსეთის ვეტოს უფლების დაკარგვა მოჰყვეს...“

აქამდე ჰააგის ტრიბუნალი მხოლოდ აფრიკის ქვეყნების საჩივრებს განიხილავდა. საქართველო პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, 2008 წლის საქმეზე წინასწარი მოკვლევა უკვე დასრულებულია. ჩვენს შემდეგ ჰააგის ტრიბუნალს უკრაინამაც მიმართა ყირიმის საკითხზე. 

ტრიბუნალმა საქმე განხილვაში მიიღო და როგორც დიპლომატები აცხადებენ, ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ მათ ომის დროს რუსეთის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის ნიშნები დაინახეს. 

ტრიბუნალი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოა (ICC). პროკურორი ფატუ ბენსუდა ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს იძიებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენების დროს, 1-ლი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს. 

პროკურორის ინფორმაციით, 2008 წელს გამოვლინდა ქართველთა ეთნიკური ნიშნით დევნის მასშტაბური პროცესი, რაც წინასწარი განზრახვით განხორციელდა და, შედეგად, დევნილად იქცა 13.400-დან 18.500-მდე ეთნიკური ქართველი, ხოლო 5.000-ზე მეტი ქართველის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი განადგურდა. „ზემოაღნიშნულ და სხვა სამართალდარღვევებს, როგორიცაა მაროდიორობა და სამოქალაქო მოსახლეობის ქონების მასიურად განადგურება, ფართომასშტაბიანი ხასიათი ჰქონდა და წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთიდან ეთნიკური ქართველების განდევნის გეგმის ნაწილს“, – წერია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 

 ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებამდე თბილისი სტრასბურგის მოლოდინშია. 

ლევან ალაფიშვილის განმარტებით:

„დღემდე რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში არც ერთ საერთაშორისო-სამართლებრივ დოკუმენტში მხარედ არ არის დასახელებული. სტრასბურგი და ჰააგა ერთად კი სწორედ რუსეთს გამოკვეთს და დაასახელებს მხარედ... კურიოზი იყო, რუსეთი არათუ მხარედ არ იყო დასახელებული, არამედ გაეროს თუ დსთ-ს ფარგლებში, მხარეთა დაშორიშორებისა და სამშვიდობო მანდატი ჰქონდა. ეს ჩვენების დიდი შეცდომა იყო, არ უნდა დათანხმებოდნენ არც გაეროს და არც ეუთოს და დსთ მანდატის მიცემაზე. ასე რომ, 2008-მ არსებითად შეცვალა მოცემულობა და გააჩინა ახალი შანსი რუსეთის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლისთვის“.

„ოქროს მტკიცებულება“ – მთავარი სამხილი რუსეთის წინააღმდეგ

სტრასბურგიდან გზავნილს ახლა როგორც თბილისში, ისე მოსკოვშიც ელიან. 2008 წლის აგვისტოს ხანმოკლე, მაგრამ სასტიკი ომის სურათი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთხელ გაცოცხლდა. მხარეებმა სასამართლოს საკუთარი არგუმენტები წარუდგინა. ქართული მხარის ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატი ბენ ემერსონი იცავდა. რუსულ მხარეს სასამართლო პროცესი, რუსული მედიის გამოთვლებით, 30 მილიონი რუბლი დაუჯდა. 

თბილისმა ევროპის სასამართლოს თითქმის აგვისტოს ომის დასრულებისთანავე მიმართა – რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე, 2008 წლის 11 აგვისტოს. სრული განაცხადი თანდართული მასალებითა და 700-მდე მტკიცებულებით 2009 წლის 6 თებერვალს წარუდგინა.

საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რვა მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს, რომლებიც ეხება: სიცოცხლის უფლებას, წამებასა და არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას, ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლებას, საკუთრების დაცვის უფლებას, განათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე, სულ, 33 მოწმეს მოუსმინა, რომელთაგანაც 16 – საქართველოს მთავრობის, 11 – რუსეთის ფედერაციის მთავრობის, ხოლო ექვსი მოწმე უშუალოდ სასამართლოს მიერ იყო გამოძახებული.

ლია მუხაშავრია და მისი ორგანიზაცია ინდივიდუალური სარჩელებით ედავებიან რუსეთის ფედერაციის მთავრობას ოცდაცხრა საქმეზე, რომელთაგან ნაწილი შეეხება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას, ნაწილი კი ისეთ სისხლის სამართლის დანაშაულს, როგორიცაა მკვლელობა და სექსუალური ძალადობა.

რადიო „თავისუფლებასთან“ საუბარში მუხაშავრიამ შენიშნა: „გაუპატიურების მსხვერპლი ქალბატონი ჩვენი ბენეფიციარია და ჩვენ ვაწარმოებთ მის საქმეს. არიან დაჭრილები, მათ შორის ბავშვები, რომლებიც თამაშის დროს თავიანთ ეზოში დაიჭრნენ დაბომბვისას. არიან, სამწუხაროდ, დაბომბვის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები და არიან ადამიანები, რომლებიც ტყვეობაში აღმოჩნდნენ იმის გამო, რომ ასაკის ან მძიმე ავადმყოფობის გამო ლოგინად იყვნენ ჩავარდნილი და დარჩნენ სახლებში და არავინ მოელოდა, რომ მათ ასე სასტიკად მოექცეოდნენ. არიან ძალიან ხანდაზმული ადამიანები, რომლებმაც, უბრალოდ, არ მიატოვეს საკუთარი კარ-მიდამო და ვერ წარმოედგინათ, რომ ტყვედ წაიყვანდნენ“.

ბრძოლა მთავარი „მტკიცებულებისთვის“

აგვისტოს ომის შემდეგ თბილისმა მტკიცებულებები წარადგინა ევროპულ სასამართლოში, თუმცა, ასეულობით დოკუმენტს შორის არ იყო გორში ჩამოგდებული რუსული ბომბის ნამსხვრევები. „ისკანდერის“ ფოტოები მტკიცებულებებს შორის იყო, თუმცა, რუსული მხარე დიდხანს ამტკიცებდა, რომ ეს ფოტოშოპია და რომ ქართული მხარე, ისევე როგორც ჰოლანდია, ცდილობს, რუსეთს ავნოს.  

ინფორმაციისთვის: „ისკანდერის“  9M723-ის ტიპის რაკეტა 3800 კგ-ს იწონის. აქედან 480 კგ, რაც თითქმის ნახევარ ტონას შეადგენს, საბრძოლო ქობინზე მოდის. რაკეტის ფრენის სიჩქარე ბგერისას აღემატება და 2100 კმ/სთ-ს აღწევს. არსებული მონაცემების თანახმად, რაკეტის ფრენის მაქსიმალური მანძილი 280-დან 400 კმ-მდე ვარირებს (ეს კომპლექსის საბაზო ვარიანტში). მაქსიმალურ დისტანციაზე სროლისას, სამიზნიდან რაკეტის გადახრის დისტანცია 30-70 მ-ს შეადგენს.

მართალია, ერთ გამშვებ მანქანაზე ორი რაკეტაა განთავსებული, მაგრამ მათი ზალპით გაშვება არ ხდება. პირველი რაკეტის სტარტიდან მეორეს გაშვება მხოლოდ 1 წუთის შემდეგ შეიძლება.

„ისკანდერის“ კომპლექსის შემადგენლობაში, გამშვები მანქანის გარდა, სათადარიგო რაკეტების გადამზიდავი საშუალება, მობილური სამეთაურო პუნქტი და ცეცხლით მართვის პუნქტი შედის. მარშიდან კომპლექსის საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად, 16 წუთია საჭირო.

არსებობს კომპლექსის საექსპორტო ვარიანტიც – „ისკანდერ-ე“, რომლის მაქსიმალური სროლის მანძილიც 280 კმ-ით განისაზღვრება.

თუმცა, საბოლოოდ, ბევრი ძებნის შემდეგ, ქართულმა მხარემ მთავარი მტკიცებულების მოპოვება მაინც შეძლო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, რომელიც „პრაიმტაიმმა“ მოიპოვა, ბომბის ნამსხვრევებს თბილისმა ამერიკაში მიაგნო. 

თეა წულუკიანმა მთავარ მტკიცებულებაზე ღია კომენტარი გააკეთა, თუმცა, რომელმა ქვეყანამ გადმოგვცა ის, არ დაუკონკრეტებია:

„ძალიან სიღრმისეული მუშაობის შედეგად ჩვენ 2017 წელს მივაკვლიეთ გორში ჩამოვარდნილი „ისკანდერის“ ერთ ნაწილს, ნამსხვრევებს და უკვე რამდენიმე კვირის წინ, აპრილის ბოლოს, მოვიპოვეთ, დაახლოებით, 800 კგ იმავე „ისკანდერის“ დანარჩენი ნაწილები. მათზე, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია ყველა კვალი იმისა, რომ ეს ნამდვილად ის იარაღია, რომ ეს ნამდვილად ნაწარმოებია მოპასუხე სახელმწიფოს − რუსეთის ფედერაციის მიერ და რომ რეალურად ვერანაირ ფოტოშოპზე საუბარი ამ სამართლებრივ დავაში ვერ იქნებოდა“. 

„გორის ისკანდერი“

სტრასბურგისთვის მიწოდებულ მასალებში „გორის ისკანდერის“ ეპიზოდი 10 დანართადაა მიწოდებული:

„აიპრესი“ ამ დანართებზე წერდა:

დანართი 1 – ბანკისა და კაზინოს CCTV კამერებმა დააფიქსირა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს, 10:40-10:50 დროის შუალედში გორის ცენტრში უზარმაზარი აფეთქება მოხდა.

დანართი 2 – 2008 წლის 14 აგვისტოს საღამოს 8 საათზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც წარადგინა ფოტომტკიცებულება იმისა, რომ ბალისტიკური რაკეტები (ისკანდერ SS26) სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩამოვარდა, ესენია: გორი, ფოთი და ბაქო-სუფსის სტრატეგიული ტრანსნაციონალური ნავთობსადენის სიახლოვეს. ვიდეომასალა ადასტურებს, რომ ისკანდერის რაკეტების მიზანს მოსახლეობა და სამოქალაქო ობიექტები წარმოადგენდნენ, გორის ცენტრში ისკანდერის რაკეტის აფეთქებას მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ. ეს პრესკონფერენცია ადასტურებს, რომ ფოტოები ხელმისაწვდომი იყო უკვე 2008 წლის 14 აგვისტოს – ორი დღის შემდეგ, რაც მოხდა აფეთქება და გორს მთლიანად რუსეთი აკონტროლებდა.

დანართი 3 – 2008 წლის 12 აგვისტოს, საღამოს 8 საათზე პირველი არხი აჩვენებს გორის ცენტრში რაკეტის აფეთქების შედეგებს, დაშავებულ და დაღუპულ მშვიდობიან მოსახლეობას, რომელთა შორის იყო ჰოლანდიელი ჟურნალისტი.

დანართი 4 – 2008 წლის 12 აგვისტოს გორის ცენტრში რაკეტის აფეთქების შემდეგ დაუყოვნებლივ იქნა გადაღებული ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია მოკლული და დაშავებული ადამიანები.

დანართი 5 – ბატონი სტან სტორიმანსის ცხედრის ფოტოები, რომელზეც ნათლად ჩანს კასეტური ჭურვების აფეთქების შედეგად მიყენებული 20-ზე მეტი ჭრილობა.

დანართი 6 – 2008 წლის 12 აგვისტოს სეისმური ჩანაწერების შემცველი ექსპერტიზის დასკვნა და 2008 წლის 12 აგვისტოს მასობრივი აფეთქების დამადასტურებელი ფაქტები, რომლებიც 10:40-10:50 პერიოდში, გორის ცენტრში მოხდა (ეს აფეთქება ექსპერტების დასკვნაში გამოირჩევა სხვა აფეთქებებისგან, ვინაიდან იყო მასიური, რამდენიმე წამის განმავლობაში დაახლოებით 20 აფეთქების აღბეჭდვა მოხდა).

დანართი 7 – 2008 წლის 25 აგვისტოს, პირველი არხის 8-საათიან გამოშვებაში აჩვენეს საშინლად დაზიანებული ქალაქ გორის კადრები. კადრები მოიცავდა „ისკანდერის“ რაკეტის ნაწილს, რომელიც ერთ-ერთი მშვიდობიანი მცხოვრების ბინაში იყო გაჭედილი.

დანართი 8 – გორის ცენტრის ექსპერტიზის დროს 2018 წლის იანვარში საერთაშორისო სისხლის სამართლის ექსპერტების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები და ფოტოსურათები, რომლებზეც ასახულია კასეტური და საარტილერიო ჭურვების შედეგად დაზიანებული შენობები.

დანართი 9 – „ისკანდერ SS26“-ის სხვადასხვა ნაწილების ფოტოსურათები, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გორის ცენტრში აფეთქდა. ეს ის ნაწილებია, რომლებიც აღმოჩენილია გორის ცენტრში ერთ-ერთ ბინაში. როგორც სასამართლოსთვის 2018 წლის 25 აპრილს გახდა ცნობილი, „ისკანდერ SS26“-ის ზემოთ ხსენებული ბოლო ნაწილი საქართველოს მფლობელობაში 2018 წლის 23 აპრილს აღმოჩნდა.

დანართი 10 – 2017 წლის 23 ნოემბრის შიდა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის შედეგადაც დადგინდა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს გორის ცენტრში მომხდარი სარაკეტო დარტყმები რუსეთის მიერ დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობის 9M723 ისკანდერის ტიპის ბალისტიკური რაკეტის ნაწილს წარმოადგენდა. მასალები რუსული კომპანიის (რომელიც ისკანდერს აწარმოებს) ოფიციალური ვებგვერდიდან ადასტურებს, რომ „ისკანდერ M“, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს გორის ცენტრში აფეთქდა, მისი საექსპორტო მოდიფიცირებული „ისკანდერ E“-სგან განსხვავებით, მხოლოდ რუსული არმიისთვის იყო წარმოებული. 2008 წლის 12 აგვისტოს, გორის ცენტრში ჩამოგდებული რაკეტის სამ სხვადასხვა ნაწილს ერთნაირი ნიშანი – 9M723 აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული რაკეტა არა მხოლოდ რუსული წარმოების იყო, არამედ ის რუსეთის არმიის ექსკლუზიურ მფლობელობაში გახლდათ. ამ ნიშნების ფოტოები სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბერს წარუდგინეს, თუმცა კიდევ ერთხელ არის წარმოდგენილი. „ისკანდერის“ საწარმო კომპანიის ვებგვერდზე ხაზგასმულია, რომ რაკეტა მაღალი სიზუსტის მქონეა. 

სტრასბურგის პირველი საქმე

ევროპულ სასამართლოს ქართულმა მხარემ პირველად 2006 წელს მიმართა. მაშინ როცა კრემლის გადაწყვეტილებით, რუსეთის ტერიტორიიდან ქართველების მასიური დეპორტაცია დაიწყო. სარჩელი თბილისმა სასამართლოში 2007 წელს შეიტანა. დეპორტაციის პროცესი ზაფხულში რუსი ჯაშუშების დაკავებას მოჰყვა, დეპორტაცია კი შემოდგომაზე განხორციელდა. პროცესის დროს ერთ-ერთი ქართველი ქალბატონი, აფხაზეთიდან დევნილი 52 წლის მანანა ჯაბელია გარდაიცვალა. 

საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დაპატიმრების, დაკავებისა და რუსეთიდან კოლექტიური გაძევების ფაქტები სტრასბურგის სასამართლომ ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევად მიიჩნია და რუსეთის ფედერაციის მთავრობას 12 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.