ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან და ოჯახთან, შეხვედრის სურვილს გამოთქვამს:
"დიდი იმედი მაქვს, რომ პროკურატურა იმგვარად წაიყვანს საქმეს, გამოძიების ობიექტური მიზნებიდან გამომდინარე, ოჯახს კითხვის ნიშნები არ დარჩეს.
ჩვენი კომიტეტი მზად არის, შეხვდეს ამ ოჯახს, მამას პირადად, თუ ის, რა თქმა უნდა, ამას მოისურვებს. ყველა საკითხი, რომელიც მისთვის იქნება დღის წესრიგში და მისთვის არის მნიშვნელოვანი, მზად ვართ, განვიხილოთ და მათ შორის პროკურატურასთან ერთად. იმედი მაქვს, რომ დაღუპულის მამა მიიღებს ჩვენს სურვილს შეხვედრის შესახებ" - განაცხადა კილაძემ.
შეგახსენებთ, რომ სისხლიანი გარჩევის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და საქმის რეალურ გამოძიებას ითხოვს. მან უკვე რამდენიმე აქციაც გამართა, თუმცა გუშინ გამართული ბოლო აქცია ყველაზე მასშტაბური იყო. აქციის მონაწილეების მხრიდან მოთხოვნები გაჟღერდა. იმ შემთხვევაში, თუ საქმის დროულად და საფუძვლიანად გამოძიება არ მოხდება უფრო მასშტაბური აქციების ჩატარება იგეგმება.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.