"მე შეიძლება ისეთი ინფორმაციაც ვიცოდე, რაც პროკურატურამ არ იცის..." - მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა

13:25 05-28-2018
1961

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე ექსპერტ მაია ნიკოლაიშვილის მიერ სასამართლოზე წარდგენილ დასკვნას აკრიტიკებს.

მისი თქმით, დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნა მისთვის შეურაცხმყოფელია.

"რადგან 6 თვე ხმას არ ვიღებ, არ ნიშნავს, რომ არ მაქვს ჩემი ვერსია. მე შეიძლება ისეთი ინფორმაციაც ვიცოდე, რაც პროკურატურამ არ იცის. ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო რაც ილაპარაკა მაია ნიკოლეიშვილმა. ასეთი სადისტური მკვლელობა როგორ შეიძლება სხვას დავაბრალო. ჩემ შვილთან მიმართებაში გამოძიების ვერსიას ვეთანხმები", - განაცხადა ნათია საყვარელიძემ. 

ნათია საყვარელიძესა და ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს შორის დაპირისპირება ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებულ პროცესზე 26 მაისს დაიწყო, როდესაც მაია ნიკოლეიშვილმა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, სადაც ექსპერტი ახალ გარემოებებზე საუბრობს. მაშინ დაპირისპირების გამო სასამართლოზე შესვენებაც კი გამოცხადდა, რადგან დაპირისპირების დროს ნათია საყვარელიძე შეუძლოდ გახდა, რის გამოც, სასამართლოში სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.

ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი მოკლული მოზარდის ჭრილობები სავარაუდოდ, მაკრატლითაა მიყენებული და არა დანით, რომელსაც პროკურატურა ამტკიცებს. 

გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდი მრავლობითი დაზიანებებითსაავადმყოფოში მოთავსებიდან, მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩის ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. 

მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.