სოფიო კილაძე სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტის განსახილველად მზადყოფნას გამოთქვამს

13:35 05-28-2018
123

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შესახვედრად და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტის განსახილველად მზადყოფნას გამოთქვამს:

"ეს კანონპროექტი ჩვენი მხრიდან კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის ნაბიჯია. ჩვენ თანამშრომლობისთვის ღია ვართ, მათ შორის სახალხო დამცველთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეგვიძლია პირველ მოსმენამდე ის პრობლემური საკითხები, რომელიც პრობლემურად სახალხო დამცველს თუ არასამთავრობო სექტორს მიაჩნია, ერთად გავიაროთ. საბოლოო ჯამში, ისეთი პროექტი უნდა მივიღოთ, რომელიც სწორად არის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

თანამშრომლობის, ასევე შენიშვნების და არგუმენტების გაზიარების პრობლემა არ გვაქვს და სახალხო დამცველი ახლავე შემიძლია მოვიწვიო, რომ კონკრეტული ნაბიჯები გავიაროთ.

თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ არსებობდეს არგუმენტები იმისა, რომ ჩვენ რაღაც ისე არ გავაკეთეთ როგორც უნდა გაგვეკეთებინა. მთლიანად საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რომ თუ რაღაც არგუმენტები არსებობს იმის, რომ უკეთესი და კონსტიტუციასთან უფრო შესაბამისი პროექტი მივიღოთ, ასეთი უნდა მივიღოთ. ჩვენ თანამშრომლობისთვის ღია ვართ, თუ არგუმენტები დამაჯერებელი იქნება" - განაცხადა კილაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წევრების ავტორობით მომზადებულ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტს და თანმდევ ცვლილებებს გამოეხმაურა. ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით ადგილი აქვს პირთა ფართო წრის მიმართ მშვიდობიანი შეკრების უფლების აბსოლუტურ აკრძალვას, რაც აუარესებს უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო პრინციპებს.

 

ავტორი: