ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვაში პროკურორ ინა გუგუშვილს მარიკა გოგოხია შეცვლის

16:35 05-28-2018
310

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში პროკურორი მარიკა გოგოხია ჩაერთო. მან პროკურორი ინა გუგუშვილი შეცვალა. 

გოგოხია განმარტავს, რომ დასკვნითი სიტყვის წარდგენის მიზნით, კოლეგებს ეხმარება:

"ვინაიდან საქმე არის დასკვნით ეტაპზე და წარსადგენია ასევე დასკვნითი სიტყვა, გარკვეულ დახმარებას ვუწევ ჩემს კოლეგებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ როგორც თბილისის პროკურატურის მუშაკი, ჩართული ვიყავი გამოძიების პროცესში" - აცხადებს გოგოხია.

შეგახსენებთ, რომ სისხლიანი გარჩევის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და საქმის რეალურ გამოძიებას ითხოვს. მან უკვე რამდენიმე აქციაც გამართა, თუმცა გუშინ გამართული ბოლო აქცია ყველაზე მასშტაბური იყო. აქციის მონაწილეების მხრიდან მოთხოვნები გაჟღერდა. იმ შემთხვევაში, თუ საქმის დროულად და საფუძვლიანად გამოძიება არ მოხდება უფრო მასშტაბური აქციების ჩატარება იგეგმება.

გუშინდელ სასამართლო პროცესზე, სარალიძის მიერ კერძოდ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხების მიხედვით, ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ საქმეში დანის გარდა, მაკრატელიც ფიგურირებდა. საქმის პროკურორი, ზვიად ფხაკაძე კი, ამტკიცებს, რომ მაკრატელი ადგილზე მედიკოსებს დარჩათ.

პროცესზე, როგორც ცნობილია, ერთ-ერთი გარდაცვლილი მოზარდის, ლევან დადუნაშვილის დედასა და ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს შორის შელაპარაკება მოხდა. დადუნაშვილის დედა აცხადებს, რომ მკვლელობის ოფიციალურ ვერსიას ეთანხმება.

კერძო ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ პროკურორი ინა გუგუშვილი ადვოკატ ინგა შარაშენიძის საცემრად გაიწია. თავად ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ მის მიმართ საცემრად ასევე ზვიად ფხაკაძემაც გაიწია. შესაძლოა, სწორედ ამიტომ შეცვალა გუგუშვილი გოგოხიამ, თუმცა გოგოხია ამ ვარაუდს უარყოფს.

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა. 

ავტორი: