ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს ჩვენება ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მისცა. პროკურატურა მას განზრახ მკვლელობას ედავება.
გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ბრალდებულმა საქმეში პროკურორ მირზა სუბელიანის ჩარევა დაადასტურა.
"მოწმემ პირდაპირ დაადასტურა მირზა სუბელიანთან შეხვედრა. როდესაც სუბელიანი კალანდიების სახლში მივიდა, მიესალმა კიდეც მას. მიხეილ კალანდიამ კი უთხრა, რომ ბიძაჩემი ხომ იცი რა მაგარი პროკურორია და ამ საქმეს თვითონ დაალაგებსო. მირზა სუბელიანზე სამართლებრივი დევნა აქამდე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ რადგან აქამდე არ დაიწყეს, ახლა კიდევ ერთი მოწმე ადასტურებს უკვე ამ საქმეში სუბელიანის უხეშ ჩარევას", - აცხადებს სარალიძე.
ზაზა სარალიძის განმარტებით, დღეს მოწმემ ხორავას ქუჩაზე მომხდარის დეტალები გაიხსენა და საქმეში სხვა პირების მონაწილეობაც დადასტურდა.
ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე ასევე ადასტურებს, რომ მოწმემ მირზა სუბელიანის საქმეში უხეშ ჩარევაზე ისაუბრა:
"მოწმის ჩვენებით დადასტურდა აღნიშნული და დადასტურდა სხვადასხვა პირის მიერ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობა, მტკიცებულებათა განადგურებაში მონაწილეობა და კონკრეტულ ფაქტში მონაწილე პირების დამალვის ორგანიზება, ასევე, დამალვაში მონაწილეობაც"- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ სისხლიანი გარჩევის დროს გარდაცვლილი ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და საქმის რეალურ გამოძიებას ითხოვს. სარალიძე საქმის პროკურორის, მირზა სუბელიანის საქმეში უხეშ ჩარევაზე დიდი ხანია საუბრობს.
ზაზა სარალიძემ უკვე რამდენიმე აქციაც გამართა, თუმცა გუშინ გამართული ბოლო აქცია ყველაზე მასშტაბური იყო. აქციის მონაწილეების მხრიდან მოთხოვნები გაჟღერდა. იმ შემთხვევაში, თუ საქმის დროულად და საფუძვლიანად გამოძიება არ მოხდება უფრო მასშტაბური აქციების ჩატარება იგეგმება.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.