ნოდარ მელაძე: გამოიძიეთ რამდენიც გინდა, ვერასდროს ვერ გაარკვევთ, საიდან მოხვდა ჩანაწერები კურიერის ეთერში

18:20 05-28-2018
4577

"რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე შსს-ს მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელით გამოეხმაურა. განცხადებას "პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ:

"წყარო არ გამითქვამს არასდროს!!! ამის გამო ყველაზე ახლო მეგობრებიც კი გამინაწყენებია, ვერ გაუგიათ, როგორ არ ვუთხარი, საიდან მქონდა მასალა და დღემდე არ მელაპარაკებიან. როდესაც სასწორის პინაზე დევს მეგობრობა და სრულიად უცნობი ადამიანის ბედი, მე ავირჩევ ამ ადამიანს, იმიტომ რომ ის მენდო. გამოიძიეთ რამდენიც გინდა, ვერასდროს ვერ გაარკვევთ, საიდან მოხვდა ჩანაწერები კურიერის ეთერში - წერს ნოდარ მელაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დღეს, შსს-მ განცხადება გაავრცელა:

"შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთი ტელეკომპანიის მიერ გამოძიების მონაცემების გასაჯაროების ფაქტს შეისწავლის.

მიმდინარე წლის 26 მაისს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-მა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული 8 პირის საქმეზე არსებული მტკიცებულებები გაასაჯაროვა. 

კერძოდ, გამოქვეყნდა კლუბების - "ბასიანის" და "გალერის" საქმეში არსებული დოკუმენტები, სატელეფონო ჩანაწერები, გასაჯაროვდა მოწმეების ვინაობა, რის გამოც შესაძლოა, მათ საფრთხე შეექმნათ.

მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილე მხარეები გაფრთხილებული იყვნენ გამოძიების მონაცემების გაუხმაურებლობაზე, შესაბამისი ხელწერილებით, მოხდა მტკიცებულებების გასაჯაროება, როგორც ტელეკომპანია „იმედის“, ასევე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერით. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 374-ე მუხლით მიმდინარეობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულის ჩამდენ პირთა ვინაობის დასადგენად" - ნათქვამია განცხადებაში.

 



ავტორი: