ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურა დღეს დასკვნით სიტყვას იტყვის

10:25 05-29-2018
123

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურა დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. შესაბამისად, დასკვნით სიტყვას იტყვის დაცვის მხარეც.

სასამართლო პროცესი 11:30-ზე დაიწყება. სხდომა კვლავ დახურულია.

საქმის პროკურორის განცხადებით, დასკვნით სიტყვაში პროკურატურა ყურადღებას გაამახვილებს ყველა იმ მტკიცებულებაზე, რაც მათ საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში გამოიკვლიეს.

პროკურატურა ორ არასრულწლოვანს, ასევე ორი არასრულწლოვნის მკვლელობას ედავება.

სავარაუდოდ, მოსამართლე განაჩენს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. 

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურას არ ენდობა და საქმის უფრო საფუძვლიანად გამოძიებას ითხოვს. მან რამდენიმე საპროტესტო მშვიდობიანი აქცია ჩაატარა, ბოლო კი საკმაოდ მასშტაბური იყო.

რაც შეეხება მეორე გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედას, ნათია საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მის შვილთან დაკავშირებით, გამოძიების ვერსია სწორია.

საზარელი მკვლელობა გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე მოხდა. სისხლიანი გარჩევის დროს, ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან, მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

ავტორი: