ჩემი შვილის შარვალი და ტანსაცმელი საჯარო გახადეს...ესენი არიან უსუსურები - ზაზა სარალიძე

13:18 05-29-2018
1165

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მისი შვილის ნივთების დაბრუნებას მოითხოვს, ასევე მოითხოვს, რომ პროკურატურამ მის კითხვებს საჯაროდ გასცეს პასუხი:

„გავეცანი დეტალებს. მოვითხოვე ჩემი შვილის საფულე, მისი პირადობა და ამ საფულეში 50 ლარი ედო. რამდენჯერმე მივმართე, რომ დაებრუნებინათ, თუ არ იყო საჭირო. ეს გამოძიებას უნდაო და არ მიბრუნებდნენ. დღეს ჩემი შვილის შარვალი და ტანსაცმელი, რასაც მე არ მაძლევდნენ, საჯარო გახადეს, ტაშს დავუკრავ, ყოჩაღ, მაგრები ყოფილან, მეტი რა განაცხადი გავაკეთო. ესენი არიან უსუსურები და არაადამიანები. მაქსიმალურად ცდილობენ მხოლოდ ეს ორი ბრალდებული დასაჯონ. არიან კიდევ სხვა დამნაშავეები და გამოიყვანონ ყველა გარეთ,.სანამ შემდეგ ზომებს მივმართავ.

უნდათ, ხალხი დააბნიონ. ახლაც არ მაქვს წვდომა ჩემი შვილის ნივთებთან, არ სჭირდებათ და არ მიბრუნებენ.

რატომ გაანადგურეს ფარდული, რატომ გაღუნა ექსპერტიზამ დანა, რომლითაც ექსპერტიზის ჩატარება აღარ შეიძლება, რატომ არ მოიტანა სამხარაულმა ის დასკვნები, რაც მაია ნიკოლეიშვილმა. გამცეს შოთაძემ საჯაროდ პასუხი”, – განაცხადა სარალიძემ.

პროკურატურა ორ არასრულწლოვანს, ასევე ორი არასრულწლოვნის მკვლელობას ედავება.

სავარაუდოდ, მოსამართლე განაჩენს რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნით სიტყვას იტყვიან.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურას არ ენდობა და საქმის უფრო საფუძვლიანად გამოძიებას ითხოვს. მან რამდენიმე საპროტესტო მშვიდობიანი აქცია ჩაატარა, ბოლო კი საკმაოდ მასშტაბური იყო.

რაც შეეხება მეორე გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედას, ნათია საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მის შვილთან დაკავშირებით, გამოძიების ვერსია სწორია.

საზარელი მკვლელობა გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე მოხდა. სისხლიანი გარჩევის დროს, ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან, მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

ავტორი: