რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით შეეცდება ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარებაში სხვა ქვეყნებიც ჩაითრიოს - მამუკა არეშიძე

15:23 05-29-2018
269

ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის "აღიარება" რუსეთის დიპლომატიის ერთ-ერთი მოთხოვნაა და იგი ამ საქმეში სხვა ქვეყნების ჩათრევას მსოფლიოს მასშტაბით შეეცდება - ამის შესახებ ექსპერტმა "პრაიმტაიმს" განუცხადა.

"სირია თვლის, რომ მისი მთავარი მოკავშირე რუსეთია. აქედან  გამომდინარე, რუსეთისთვის  რაც არის საჭირბოროტო და მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ძალა შესწევს სირიის დღევანდელ ხელისუფლებას, ცდილობს ის საკითხები გადაუწყვიტოს, მათ შორის აღიარება ამ ორი რეგიონისა, არის რუსეთის დიპლომატიის ერთ-ერთი მოთხოვნა. იმდენი რესურსი დახარჯა რუსეთმა სირიის რეჟიმის შესანარჩუნებლად, აქამდე რომ არ აღიარა სირიამ ძალიან მიკვირდა. ჩავთვალოთ, რომ ეს არის საპასუხო ჟესტი იმ პატივისცემაზე, რომელიც მოსკოვისგან მიიღო სირიამ" - განაცხადა არეშიძემ.

ექსპერტი თვლის, რომ ამ აღიარებით განსაკუთრებული არაფერი შეცვლება, თუმცა რუსეთი მსოფლიოს მასშტაბით შეეცდება ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობის აღიარებაში სხვა ქვეყნებიც ჩაითრიოს:

"ჩვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელობა. ახლა დაემატა სირია. სირია შედარებით მნიშვნელოვანია, მსოფლიო პოლიტიკაში მას თავისი ადგილი აქვს. ამიტომაც  ჩვენთვის ეს მძიმე მოსასმენი და მისაღებია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ  სირიის ტერიტორიაზე აფხაზური და ოსური დიასპორა ცხოვრობს, ეს ფაქტორები მუშაობს.

გეოპოლიტაკაზე და საერთაშორისო ვითარებაზე ეს ყველაფერი არ იმოქმედებს, მაგრამ  ეს ყველაფერი მიგვითითებს, რომ რუსეთი არ გაჩერებულა და მთელი მსოფლიოს მასაშტაბით მუშაობს, რომ აღიარება მოხდეს. ტენდენცია გრძელდება და გააგრძელებს, რომ სხვა ქვეყნებიც ჩაითრიოს ამ საქმეში, თუმცა ამ ტიპის მოკავშირეები რუსეთს სხვა არ ყავს. სირია ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ვალდებულია რუსეთის მიმართ" - განუცხადა "პრაიმტაიმს" არეშიძემ.

შეგახსენებთ, რომ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის „აღიარების" შესახებ განცხადება გაავრცელა.

"სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარების გაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე”- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: