საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ რუსეთის სახელმწიფო დიპლომატია, თუმცა ასევე აცხადებს, რომ ამ აღიარებას ვერანაირი საერთაშორისო-სამართლებრივი შედეგი ვერ და არ ექნება.
"ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაში საქართველოს უპირისპირდება არა სირიის სახელმწიფოს დიპლომატია, არამედ რუსული დიპლომატია და სრულიად გასაგებია თუ საიდან მოდის ეს ე.წ. აღიარების თემა. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი ხაზგასასმელია – ასეთი ტიპის აღიარებას არანაირი საერთაშორისო-სამართლებრივი შედეგი არ და ვერ ექნება. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია ჩვენი კოორდინირებული მუშაობა არაბული ლიგის ქვეყნებთან და ზოგადად, ამ რეგიონის ქვეყნებთან, რადგან ეს არის, უპირველეს ყოვლისა, ის დიპლომატიური ფრონტი, რომელიც გახსნილი აქვს რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ. იმავდროულად მნიშვნელოვანია, საერთაშორისო არენაზე მწყობრი, კოორდინირებული და მიზანმიმართული ნაბიჯების კიდევ უფრო გაძლიერება, რათა რუსეთის ფედერაციაზე დიპლომატიური წნეხი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს. უაღრესად მნიშვნელოვანია აქ ჩვენი პარტნიორების ჩართვა და მათთან ერთად კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმა საერთაშორისო არენაზე" – აღნიშნა ფხალაძემ.
შეგახსენებთ, რომ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის „აღიარების" შესახებ განცხადება გაავრცელა.