ტარიელ კაკაბაძე: "სასამართლო არ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას" - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა დასრულდა

19:50 05-30-2018
488

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად დაღუპული ორი არასრულწლოვანის ოჯახი განაჩენის მოლოდინშია.

საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა დღეს დასრულდა. მოსამართლე განაჩენს ხვალ, 11 საათზე გამოიტანს.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე აცხადებს, დარწმუნებულია, რომ ბრალდების მხარის პოზიციას სასამართლო იმ მოტივით, რომ დაუსაბუთებელია, არ გაიზიარებს:

„ჩვენი მოლოდინია და დარწმუნებული ვართ, რომ სასამართლო არ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რაც არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ბრალდებამ ვერ შეძლო დაესაბუთებინა ის ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებულმა მტკიცებულებებმა მთლიანად გააბათილა ის, რაც დაფიქსირებულია ბრალდების დასკვნაში. იმის ნაცვლად, რომ დადგენილიყო ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ბრალდების დადგენილებაშია მითითებული, პირიქით, გამოირიცხა, რომ ბრალდების მხარის პოზიცია არის ჭეშმარიტებასთან შესაბამისი.

ბრალდების მხარეს ჰქონდა მცდელობა, შეცდომაში შეეყვანა სასამართლო, თუმცა, ჩვენ ბრალდების მხარისგან განსხვავებით, სიტყვასიტყვით მოვახდინეთ მოწმეთა ჩვენებების ციტირებები და უტყუარად დავადასტურეთ, რომ ჩვენი პოზიცია არის სწორი, ბრალდების პოზიცია კი დაუსაბუთებელი" - განაცხადა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურას არ ენდობა და საქმის უფრო საფუძვლიანად გამოძიებას ითხოვს. მან რამდენიმე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ჩაატარა, ბოლო კი საკმაოდ მასშტაბური იყო.

რაც შეეხება მეორე გარდაცვლილი არასრულწლოვნის დედას, ნათია საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მის შვილთან დაკავშირებით, გამოძიების ვერსია სწორია.

საზარელი მკვლელობა გასული წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე მოხდა. სისხლიანი გარჩევის დროს, ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე მოზარდი მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან, მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

 

 

 

ავტორი: