მთავარ პროკურატურასთან დაახლოებით 13:00-დან ამ დრომდე უწყვეტი აქცია მიმდინარეობს. საზოგადოება გარდაცვლილი დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად შეიკრიბა. ადგილზე მყოფები სასამართლოს მიერ გამოტანილ დღევანდელ განაჩენს აპროტესტებენ. აქციაზე მივიდა გარდაცვლილი დავით სარალიძის დედაც, რომელიც ამ დრომდე მედიასთან არ გამოჩენილა. კომენტარი არც ახლა გაუკეთებია. ემოციური ვიდეო კადრები "პრაიმტაიმმა" პირდაპირი ეთერით გადაიღო, რომლის ნახვაც ტაიმკოდით: 10:00-დან 16:00-მდე შეგიძლიათ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დღეს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, ორივე ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა, როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში. ბრალდებულთა არასრულწლოვნობის გამო, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომები დახურული იყო.
სისხლიანი გარჩევა 2017 წლის 1 დეკემბერს მოხდა და ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.
ოჯახი სამართლიანობის აღდგენას და ყველა იმ პირის დასჯას ითხოვს, რომელიც მკვლელობაში მონაწილეობდა.