ვის უხდის მადლობას და რას წერს ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა - ზაზა სარალიძე ღია წერილს ავრცელებს

10:14 06-01-2018
2522

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სოციალური ქსელით ღია წერილს ავრცელებს.

წერილს გთავაზობთ უცვლელად:

"მივმართავ სრულიად საქართველოს.

განურჩევლად პოლიტიკური მოღვაწეობისა.

განურჩევლად რელიგიური მრწამსისა.

დღეს ჩემი განადგურება არა მარტო სისტემამ არამედ სისტემის შემქმნელებმაც გადაწყვიტა.

მთავრობამ გადაწყვიტა ახალი გამოძიების ჩატარება.

მოწმეები დაშინებულია და მოსყიდული.

ნივთმტკიცებები განადგურებულია.

თუ მოწმეები და ნივთმტკიცებები აღარ არსებობს რომელ გამოძიებაზეა საუბარი.

ეს არის მთავრობის მორიგი მეთოდი,რომ კიდევ მომატყუოს და თვალებში ნაცარი შემაყაროს.

გამოდის,რომ სისტემას მთავრობა მფარველობს.

ერთად ერთი ადამიანი მთავრობიდან ვინც ჩემი მხარდაჭერა გამოხატა ეს არის მართლა ადამიანი და მართლა ქართველი:

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი.

მადლობა პრეზიდენტს, მის ოჯახსა და მის ადმინისტრაციას.

არც ერთ მმართველი გუნდის წარმომადგენელს არ ქონდა სურვილი გვერდით დამდგომოდა როგორც ადამიანი.

როგორ ვენდო მათ რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებს ჩემი მოსმენაც კი" - წერს სარალიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ორივე არასრულწლოვანი ნაწილობრივ გაამართლა, რასაც მრავალსაათიანი აქცია მოჰყვა. შედეგად მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. პრემიერმა კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ საქმეს შსს და პირადად შს მინისტრი გიორგი გახარია გადაიბარებს. 

როგორც ჩანს, ზაზა სარალიძე არც შს სამინისტროს ენდობა, იგი მთავრობის გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. აქცია 16:00-ზე პარლამენტის შენობის წინ კვლავ განახლდება.



ავტორი: