ზვიად გამსახურდიას ოჯახმა პროკურატურის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა - VIDEO

12:10 06-01-2018
363

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახმა პროკურატურის მხრიდან სისხლის სამართლსი საქმის მასალების მისაღებად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.

ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ვინაიდან პროკურატურა დღემდე არ ახდენს ზვიად გამსახურდის ოჯახისათვის სისხლის სამართლის მასალების გადაცემას, მათ მიმართეს საკონსტიტუციო სასამართლოს რომლითაც ითხოვენ არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რაც დაზარალებულს უკრძალავს სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლების მიღების უფლებას და ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებს, ასევე საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის პირველ პუნქტს.

ადვოკატის განცხადებით, ეს საკითხი ეხება არა მხოლოდ ზვიად გამსახურდიას ოჯახის ინტერესებს, არამედ ყველა დაზარალებულის ინტერესებს, რომლებიც 2010 წლიდან, ანუ  ნაციონალური ხელისუფლების მიერ მიღებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებიდან დღემდე მოკლებულნი არიან შესაძლებლობას მიიღონ სისხლის სამართლის საქმის მასალები და სრულყოფილად დაიცვან საკუთარი უფლებები, როგორც ეროვნულ სასამართლოებში, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში ადვოკატ ამირან გიგუაშვილთან ერთად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წარმოადგენს.

ზვიად გამსახურდიას ოჯახი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს მოიწვიოს მთავრობის საგანგებო სხდომა, რომელზეც განხილული იქნება საქართველის პირველი პრეზიდენტის მკვლელობის  საქმეზე მიმდინარე გამოძიების საკითხები.

კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად,  საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში, რომსაც ასევე ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა წევრები. 

ზვიად გამსახურდიას ოჯახის განცხადებით აღნიშნული ნორმის შინაარსი მოიცავს პრეზიდენტის მიერ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ მთავრობის სხდომის მოწვევის შესაძლებლობასაც, როგორიცაა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიების გაჭიანურების რეალური მიზეზების განხილვა, მათ შორის აღნიშნული საქმის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ზვიად გამსახურდიას ოჯახი მიმართავს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გამოიყენოს დისკრეციული უფლებამოსილება და უახლოეს პერიოდში მოიწვიოს საქართველოს მთავრობის სხდომა, რომელზეც მოხდება საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მოსმენა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ, აღნიშნული საქმის საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხებთან ერთობლიობაში.