საქალაქო სასამართლოში დღეს მოსამართლემ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების საქმეზე ბრალდებულებს სასჯელის ვადა უნდა განუსაზღვროს.
როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა, მიღებული შედეგი იმ ჩატარებული გამოძიების შედეგი იყო, რომელიც აქამდე ჩატარდა. ადვოკატი საგამოძიებო მოქმედებების თავიდან ჩატარებას მიესალმება:
"გუშინდელი განაჩენი ცალსახა დადასტურება იყო იმის, რომ საქმე არ იყო სწორად გამოძიებული, დანაშაულის რეალურად ჩამდენი პირები არ იყვნენ პასუხისგებაში მიცემულები. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანო ვალდებული გახდა ჩაეტარებინა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, რათა კიდევ უფრო მეტად გამოევლინათ ის პირები, რომლებიც ამ დანაშაულში მონაწილეობდნენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პირები დიდი ხანია რაც გამოვლენილები არიან, მაგრამ ბრალდების მხარის ნება არ იყო აქამდე მიეცათ პასუხისგებაში. მიმაჩნია, რომ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება პოზიტიური მოვლენაა, ვინაიდან ეს უნდა იყოს მიმართული საქმეზე უტყუარი ჭეშმარიტების დადგენისაკენ" - განაცხადა კაკაბაძემ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის არასრულფასოვნად გამოძიებისა და მოსამართლის მიერ გუშინდელი გამოტანილი გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, ორივე ბრალდებული ნაწილობრივ გამართლდა, გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ მრავალსაათიანი აქცია მოაწყო.
შედეგად მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. პრემიერმა კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ საქმეს შსს და პირადად შს მინისტრი გიორგი გახარია გადაიბარებს.
როგორც ჩანს, ზაზა სარალიძე არც შს სამინისტროს ენდობა, იგი მთავრობის გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს.