ხორავას ქუჩაზე მკვლელობისთვის გ.ბ- ს მოსამართლემ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო გ.ჯ.-ს - 9 წელი და 9 თვე

12:52 06-01-2018
475

მოსამართლე ეკა არეშიძემ, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო გ.ბ- და სასამართლომ მას 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიუსაჯა. 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა 30 მაისს დასრულდა, 31 მაისს კი მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. გ.ჯ-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში. ბრალდებულთა არასრულწლოვნობის გამო, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომები დახურული იყო. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასამართლომ დღეს ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობის შესახებ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ დანიშნა სასჯელის დანიშვნის სხდომა - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

საზარელი მკვლელობა 2017 წლის პირველ დეკემბერს მოხდა. სისხლიან გარჩევას ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე შეეწირა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის არასრულფასოვნად გამოძიებისა და მოსამართლის მიერ გუშინდელი გამოტანილი გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, ორივე ბრალდებული ნაწილობრივ გამართლდა, გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ მრავალსაათიანი აქცია მოაწყო. 

შედეგად მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. პრემიერმა კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ საქმეს შსს და პირადად შს მინისტრი გიორგი გახარია გადაიბარებს. 

როგორც ჩანს, ზაზა სარალიძე არც შს სამინისტროს ენდობა, იგი მთავრობის გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. აქცია 16:00-ზე განახლდება. ამ წუთებში აქციაზე ზაზა სარალიძესთან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმყოფება.

ავტორი: