ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლობნის ლევან დადუნაშვილის დედამ, მას შემდეგ რაც სასამართლოს შენობა დატოვა, მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა:
"ზოგადად, ადამიანი რასაც აკეთებს, ყველაფერს თავისი თავისთვის აკეთებს. ეს ჩემი სიტყვები არ არის, ბრძენი ადამიანის სიტყვებია. ეტყობა, ძალიან უნდოდათ ეს შედეგი დამნაშავეებს, ისეთი გულმოდგინებით არიან ნამუშევარი ხორავას ქუჩაზე და საერთოდ მივიჩნევ, რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიას არ ჰყავს არც დაზარალებული და არც დამნაშავე. აქ ჩვენ ყველანი დაზარალებულები ვართ. ჩვენ დავზარალდით ერთი ძალიან დიდი ბოროტების წინაშე და კარგი იქნება, თუ უფროსები გავაკეთებთ ჭკვიანურ დასკვნებს, რომ ეს აღარ განმეორდეს" – განაცხადა ლევან დადუნაშვილის დედამ ნათია საყვარელიძემ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები გ.ბ და გ.ჯ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
სასჯელის დანიშვნის სხდომაზე, დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის, სასამართლომ გ.ბ. დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა ¼ -ით (ერთი მეოთხედით) და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 6 თვის ვადით.
წინასწარი შეცნობით - დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი - არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებულ გ.ჯ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდა ¼ -ით (ერთი მეოთხედით) და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 9 თვის ვადით.