ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ საქმე სააპელაციო სასამართლოში ორივე მხარის მხრიდან გასაჩივრდება, საბოლოო ჯამში კი უზენაეს სასამართლომდე მივა.
"სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის ვერსია, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა მოკლა დავით სარალიძე. სასამართლომ ჩათვალა, რომ მას ის არ მოუკლავს.
მიმაჩნია, რომ ეს სასჯელი საკმაოდ არაადეკვატურია განაჩენთან მიმართებით, თუმცა ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნება, ვნახოთ განაჩენის სამოტივაციო ნაწილი, რას დაწერს მოსამართლე, როგორ დაასაბუთებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას და ამის მიხედვით ჩამოვყალიბდებით, გავასაჩივრებთ თუ არა აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილებას.
თუმცა ზოგადად, ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში წავა და ორივე მხარის მიერ გასაჩივრდება, ასევე ეს საქმე, ძალიან დიდი ალბათობით, მოივლის უზენაესს სასამართლოს, ამაში ეჭვი არავის არ ეპარება" – განაცხადა ადვოკატმა.
2018 წლის 1 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართა. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები გ.ბ და გ.ჯ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
სასჯელის დანიშვნის სხდომაზე, დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის, სასამართლომ გ.ბ. დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა ¼ -ით (ერთი მეოთხედით) და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 6 თვის ვადით.
წინასწარი შეცნობით - დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი - არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებულ გ.ჯ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდა ¼ -ით (ერთი მეოთხედით) და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 9 თვის ვადით.
განაჩენის გასაჩივრება გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაშია შესაძლებელი.