ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის უბედურებას პოლიტიკოსები სათავისოდ იყენებენ, რაც სამარცხვინოა:
"იმდენი პოლიტიკოსი დადის ამ აქციაზე, სჯობდა აქამდე ჩარეულიყვნენ ამ ამბავში, პრეზიდენტი იქნება, მთავრობის წევრები იქნებიან, პროკურატურა, თუ ოპოზიციური პარტიები. ზაზა სარალიძის შვილის უბედურებაზე პოლიტიკური დივიდენტები იქმნება. ერთის მხრივ, მთავრობას არ უნდა მიეყვანა საქმე ამ დონემდე, მეორეს მხრივ, ოპოზიცია სხვისი სისხლით არ უნდა იწერდეს ქულებს, თუმცა ან იწერს და ან არა" - განუცხადა არეშიძემ "პრაიმტაიმს".
შეგახსენებთ, რომ საზარელი მკვლელობა 2017 წლის პირველ დეკემბერს მოხდა. სისხლიან გარჩევას ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე შეეწირა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის არასრულფასოვნად გამოძიებისა და მოსამართლის მიერ გუშინდელი გამოტანილი გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, ორივე ბრალდებული ნაწილობრივ გამართლდა, გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ მრავალსაათიანი აქცია მოაწყო.
შედეგად მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. პრემიერმა კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ საქმეს შსს და პირადად შს მინისტრი გიორგი გახარია გადაიბარებს.
ზაზა სარალიძე არც შს სამინისტროს ენდობა, იგი მთავრობის გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. აქცია 16:00-ზე განახლდება.
დღეს დილით, სარალიძესთან შესახვედრად პარლამენტის წინ პრეზიდენტი მივიდა. მათ კარავში მედიის გარეშე ისაუბრეს.
ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს, მოსამართლე ეკა არეშიძემ, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო გ.ბ- და სასამართლომ მას 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიუსაჯა.