"ვალდებულნი არიან გაესაუბრონ, რადგან საჯარო განცხადება გაკეთდა“ – ამირან სალუქვაძე მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებაზე

16:18 06-01-2018
464

სამართალდამცავები ვალდებულნი არიან მალხაზ მაჩალიკაშვილი მის მიერ გაკეთებული განცხადების ირგვლივ გამოკითხონ – ამბობს ექსპერტი ამირან სალუქვაძე. 

მან  რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გაკეთებული ის განცხადება შეაფასა, სადაც მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა: „რამდენიმე ადამიანთან ერთად სუსში თავის აფეთქება მქონდა გადაწყვეტილი“.

„ბევრჯერ გამოვხატე მალხაზ მაჩალიკაშვილთან მიმართებაში ჩემი დამოკიდებულება, რომ ხშირად, ბევრ პოლიტიკოსსა თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებზე მეტი პასუხისმგებლობის მქონე განცხადებები გაუკეთებია. მესმის მისი ემოციების და ტკივილის.  მჯერა, რომ ეს განცხადებაც და მისი ფიქრებიც სწორედ აქედან გამომდინარე იყო. მაგრამ არსებობს კანონი და თავის აფეთქება სახელმწიფო დაწესებულებაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ტერაქტად კვალიფიცირდება, ხოლო მსჯელობები ამ საკითზე - ტერაქტის დაგეგმვად. ალბათ მან ეს ყველაფერი არ გაიაზრა. მითუმეტეს, როცა მიტინგზე განაცხადა, სადაც ბავშვები, ახალგაზრდები და საერთოდ, ასობით ადამიანი იდგა. სუს-შიც უამრავი ადამიანი მსახურობს, ჯარისკაცები, ქალები, ადამიანები, რომლებსაც დანაშაული არაფერში მიუძღვით. სოციალურ ქსელში ამ განცხადებამ უარყოფითი რეაქციები გამოიწვია. ხომ შეიძლება დღეს გადაიფიქროს და ხვალ არაო? ზოგი გამწარებას მიაწერს, ზოგიც საკმაოდ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს. აი ასეთი შეფასებებია, საინტერესო ისაა, რომ გვერდით მდგომნი არ ეუბნებიან თუ რას ნიშნავს ეს განცხადება, რაც მაფიქრებინებს, რომ არავის ადარდებს მისი ბედი. სამართალდამცავი სტრუქტურები ვალდებულნი არიან გაესაუბრონ, რადგან საჯარო განცხადება გაკეთდა“, – აცხადებს ექსპერტი ამირან სალუქვაძე.