მეტროს თანამშრომლები დღეს აქციის მოწყობას და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ

11:25 06-03-2018
507
თეგები: მეტრო

მეტროს თანამშრომლები დღეს აქციის მოწყობას და შიმშილობის დაწყებას გეგმავენ. მემანქანეები მეტროპოლიტენში დასაქმებულთა ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.

„ერთობა 2013“-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეტროს თანამშრომლები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ და აქციას მხოლოდ არასამუშაო საათებში მოაწყობენ, როგორც ეს მოსამართლემ განუსაზღვრა, თუმცა შიმშილობის შედეგად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება და მუშაობას ვერ მოახერხებენ, რაზეც პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერიას და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას აკისრებენ:

„ერთობა 2013“ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას რომელიც მემანქანეებს მიუთითებს არასამუშაო დროს გაფიცვაზე, ხოლო სხვა პოზიციებზე დასაქმებულ ჩვენს წევრებს აძლევს გაფიცვის გამოყენების უფლებას. ეს ნიშნავს, იმას, რომ მემანქანეები საკუთარი დასვენების დროის ხარჯზე გავიფიცებით და შემდეგი ცვლისთვის მომზადების ნაცვლად დასვენების დროს სრულად გამოვიყენებთ გაფიცვის უფლების რეალიზებისთვის.

დასვენება და სამუშაო ცვლისთვის მომზადება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მემანქანეებისთვის. ამდენად, მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულება და დასვენების დროს გაფიცვა მემანქანეთა ფიზიკურ მდგომარეობაზე ავტომატურად მოახდენს გავლენას, რამდენადაც თითოეული მათგანი ცვლამდე ვერ მოახერხებს დასვენებას და შესაბამის მდგომარეობაში სამუშაო ადგილებზე გამოცხადებას.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დასვენების დროს საგაფიცვო რეჟიმში ყოფნის გამო, გარკვეული პერიოდის შემდგომ ფიზიკურად ვეღარ შევძლებთ ქალაქისა და მოსახლეობის მომსახურებას ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ქალაქ თბილისის მერიას და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას.

"ერთობა 2013" კვირას, 3 ივნისს, 15:00 საათზე, გლდანის დეპოში, სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში იწყებს უვადო გაფიცვას შიმშილობასთან ერთად, რომელიც 4 ივნისს მეტროს სრულმასშტაბიან პარალიზებას გამოიწვევს, იმ ადეკვატური და სამართლიანი მოთხოვნით, რაც მეტროპოლიტენში დასაქმებულთა ანაზღაურების გაზრდას ითვალისწინებს.

ყველა იმ შემთხვევაზე, რაც გამოიწვევს ჩვენი თანამოქალაქეების დისკომფორტს ან საფრთხეს შეუქმნის რომელიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის უწყების ფუნქციონირებას, პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ დამსაქმებელს და ყველა იმ სუბიექტს, რომელთაც ამ დავის უმტკივნეულოდ გადაწყვეტა ხელეწიფებოდათ.

კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელმძღვანელობას!!!
- ჯერ კიდევ არის იმის დრო, ყურად იღოთ დასაქმებულთა მოთხოვნების არსი და მოგვცეთ იმისი საშუალება, ჩვეულ რიტმში შევძლოთ ჩვენი საზოგადოების მომსახურება, რასაც დღემდე ღირსეულად და სიამაყით ვახორციელებთ.
- დააფასეთ ჩვენი შრომა და თქვენც დაფასდებით!!!" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მეტროს მემანქანეები 3 მაისს თბილისის მერიაში იმყოფებოდნენ. მათ ხელფასების 43%-ით ზრდა მოითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს.

დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ქვეყანას ამის რესურსი ამ ეტაპზე არ გააჩნია და როგორც კი ამის საშუალება იქნება, არა მხოლოდ მეტროს თანამშრომლებისთვის, არამედ, დედაქალაქში დასაქმებული ადამიანების მიმართაც მოხდება ხელფასების ზრდა.

მოთხოვნაზე უარს, მეტროს მემანქანეების პროტესტი და აქცია მოჰყვა. პრობლემის გადაჭრა სამართლებრივი გზით დაიწყო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მეტროს მემანქანეებს აქციის მოწყობა მხოლოდ არასამუშაო საათებში შეუძლიათ.

ავტორი: