"ნაციონალურმა მოძრაობამ" სარალიძე მძევლად აიყვანა, მის ტრაგედიას რევოლუციის მოსაწყობად იყენებენ - ალეკო ელისაშვილი

13:17 06-03-2018
417

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი და საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი რუსთაველის გამზირზე, ზაზა სარალიძესთან სასაუბროდ მივიდა, თუმცა გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა მას ადგილზე არ დახვდა. ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უსინდისოდ ექცევა ზაზას, რადგან მის ტკივილს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ და რევოლუციის მოწყობას გეგმავენ: 

"მე მოვედი არა კონსულტაციისთვის, არამედ ზაზას სანახავად. არც კარავშია და ტელეფონიც გამორთული აქვს. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს კაცი პირდაპირ მძევლად აიყვანა, მის ტკივილს და ტრაგედიას აშკარად იყენებს იმისთვის, რომ რევოლუცია დაიწყოს. დაუშვებელია და დიდი უსინდისობაა. ამით მთლიანად იფანტება ის ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში იყო. დღეს დაგეგმილი აქციით ერთის მხრივ "ნაციონალური მოძრაობა" დაეხმარება "ქართულ ოცნებას" გამოძვრეს სიტუაციიდან. ეს იყო გულწრფელი პროტესტი გამწარებული ადამიანის, მაგრამ ეს ტკივილი გამოიყენეს. თუკი რაიმე ჭკუა აქვთ "ქართულ ოცნებაში", მინდა მათ მივმართო: "ქართულმა ოცნებამ" დღის ბოლომდე დაასახელოს მთავარ პროკურორად შალვა შავგულიძე ან ანა დოლიძე" - განაცხადა ელისაშვილმა. 

პარლამენტის წინ აქცია დღეს, 18:00-დან განახლდება - ამის შესახებ ზაზა სარალიძე, ზვიად კუპრავა და ოპოზიციური პარტიის ლიდერები გუშინ ღამე ერთობლივად შეთანხმდნენ. როგორც გუშინ აღნიშნეს, აქციას ოპოზიციური პარტიის ლიდერები საინფორმაციო სახეს მისცემენ.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებს გუშინ გვერდში დგომისთვის ზაზა სარალიძემ და ზვიად კუპრავამ თავად მოუწოდეს.

ავტორი: