მალხაზ მაჩალიკაშვილის სკანდალური განცხადება - ემოციური განცხადება თუ ტერაქტის დაგეგმვა?

10:52 06-04-2018
3131

რამდენიმე ადამიანთან ერთად მე გადაწყვეტილი მქონდა სუს-ში თავის აფეთქება, – ამის შესახებ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება იმიტომ გადაიფიქრა, რომ არ სურდა, მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავებულიყვნენ.

მაჩალიკაშვილის ამ განცხადების შეფასება ჩვენ ექსპერტ ამირან სალუქვაძეს ვთხოვეთ. მისი თქმით, სამართალდამცველები ვალდებულნი არიან, მალხაზ მაჩალიკაშვილი მის მიერ გაკეთებული განცხადების ირგვლივ გამოკითხონ.

„ბევრჯერ გამოვხატე მალხაზ მაჩალიკაშვილთან მიმართებაში ჩემი დამოკიდებულება, რომ ხშირად, ბევრ პოლიტიკოსსა თუ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებზე მეტი პასუხისმგებლობის მქონე განცხადებები გაუკეთებია. მესმის მისი ემოციების და ტკივილის. მჯერა, რომ ეს განცხადებაც და მისი ფიქრებიც სწორედ აქედან გამომდინარე იყო. მაგრამ არსებობს კანონი და თავის აფეთქება სახელმწიფო დაწესებულებაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, ტერაქტად კვალიფიცირდება, ხოლო მსჯელობები ამ საკითხზე – ტერაქტის დაგეგმვად. ალბათ, მან ეს ყველაფერი არ გაიაზრა. მით უმეტეს, როცა მიტინგზე განაცხადა, სადაც ბავშვები, ახალგაზრდები და საერთოდ, ასობით ადამიანი იდგა. სუს-შიც უამრავი ადამიანი მსახურობს, ჯარისკაცები, ქალები, ადამიანები, რომლებსაც დანაშაული არაფერში მიუძღვით. სოციალურ ქსელში ამ განცხადებამ უარყოფითი რეაქციები გამოიწვია. ხომ შეიძლება, დღეს გადაიფიქროს და ხვალ – არაო? ზოგი გამწარებას მიაწერს, ზოგიც საკმაოდ უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს. აი, ასეთი შეფასებებია. საინტერესო ისაა, რომ გვერდით მდგომნი არ ეუბნებიან, რას ნიშნავს ეს განცხადება, რაც მაფიქრებინებს, რომ არავის ადარდებს მისი ბედი. სამართალდამცავი სტრუქტურები ვალდებულნი არიან, გაესაუბრონ, რადგან საჯარო განცხადება გაკეთდა“, – აცხადებს ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

გაზეთი "პრაიმტაიმი"; N 473; 4 ივნისი; 2018 წელი