მეტროს მემანქანეების მხარდასაჭერად, თსუ-ის პირველი კორპუსიდან თბილისის მერიამდე მსვლელობა მოეწყობა

13:58 06-04-2018
186

“აუდიტორია 115” მეტროს მემანქანეების მხარდასაჭერად დღეს, 19:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსიდან თბილისის მერიის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მერია მეტროს მემანქანეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. 

“მემანქანეები ცხოვრების ნახევარზე მეტს მიწისქვეშ ატარებენ, მათ შრომა მომატებული ხმაურის, ვიბრაციის, რადიაციული ფონისა და ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში უწევთ. მემანქანეთა მნიშვნელოვანი ნაწილი მავნე შრომის გამო საპენსიო ასაკამდე მიღწევასაც ვერ ახერხებს. პროფესიონალ მშრომელებს დღეში 300-400 ათასი თანაქალაქელის მშვიდობიანი მგზავრობის უზრუნველყოფა ევალებათ. ისინი ნამდვილად იმსახურებენ თბილისის ვიცე-მერებზე, დეპარტამენტის უფროსებზე და გამგებლებზე მეტ ხელფასს, თუმცა, მათი მოთხოვნა საათობრივი ანაზღაურების მხოლოდ 3-4 ლარით ზრდა გახლავთ,”-წერია განცხადებაში.

თბილისის მეტრო 4 ივნისის დილიდან პარალიზებულია. მეტროს მემანქანეები მეტროში დასაქმებული 500–მდე ადამიანისთვის შრომის ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.