თბილისის მერსა და მემანქანეებს შორის გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ორივე მხარემ საკუთარი პოზიციები ერთმანეთს გააცნეს, რის შემდეგაც იმედოვნებს, რომ შეჯერება მოხერხდება და მეტრო გაიხსნება:
ავუხსენით არსებული რეალური სიტუაცია, ის რაზეც ვსაუბრობდით ამდენი ხანი თუ როგორი ფინანსური მდგომარეობაა კომპანიაშიც და მერიაშიც. ასევე, მათი მხრიდან მოვისმინეთ ის პრობლემები, ის გასაჭირი რაც ამ ადამიანებს აქვთ და იმედია, რომ უახლოეს ხანებში მოხდება შეჯერება. ვიმედოვნებ, რომ მეტრო ძალიან მალე გაიხსნება - განაცხადა კალაძემ.
მეტრო გუშინ დილიდან პარალიზებულია. მუშაობის აღდგენა არც დღეს მომხდარა. ავტობუსები მოსახლეობას კვლავ უფასოდ ემსახურება.
შეგახსენებთ, რომ მესამე დღეა მეტროს მემანქანეები ხელფასების 45%-იან ზრდას ითხოვენ და გაფიცვასთან ერთად, შიმშილობენ.
თბილისის მერიამ მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო მგზავრთა გადაადგილების გაუმჯობესების მიზნით 2 დროებითი მარშრუტი დაამატა. მათივე ინფორმაციით, ერთი მარშრუტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე, ხოლო მეორე - მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ გურამიშვილის გამზირისა და დადიანის ქუჩის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე. ისინი, სხვა მუნიციპალური ავტობუსების მსგავსად, მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.