მმართველ გუნდში ადასტურებენ, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის. კანონპროექტი პირველი მოსმენით იურიდიულ კომიტეტში უკვე განიხილეს, თუმცა სხდომა უშედეგოდ დასრულდა.
„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ძირითად პრინციპებზე, მათ შორის გამსაღებლებთან ბრძოლასა და მატერიალური დაინტერესების დამტკიცების შემთხვევაში, სასჯელის გამკაცრებაზე შეთანხმება მიღწეულია, თუმცა უთანხმოების მიზეზი რამდენიმე საკითხია, მათ შორის ზღვარის დაწესება მოხმარებასა და გასაღებას შორის.
„დარჩა მთელი რიგი საკითხები ანუ საპატიმრო სასჯელის გაუქმება, როდის და რა ფორმით უნდა მოხდეს, რა ოდენობები იქნება და ყველაფერი ეს რა დაჯდება სერვისები და ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის კომისიები როდის ამოქმედდება“-ამბობსზოიძე.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ხელისუფლების მხრიდან საჭიროა პრინციპული გადაწყვეტილებები, რომ ნარკოტიკების ჩადება ადამიანების დაშანტაჟებისთვის აღარ გამოიყენება.
„გვჭირდება პრინციპული და პოლიტიკური გადაწყვეტილება ხელისუფლებისგან, რომ ისინი არ გააგრძელებენ ნარკოტიკების გამოყენებას ადამიანის დაშანტაჟებისთვის. აღარ გაგრძელდება ნარკოტიკების ჩადება და როდესაც ასეთი რამ მოხდება დანაშაული მკაცრად დაისჯება“- აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე.
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ნარკოპოლიტიკა ბიძინა ივანიშვილის სურვილით არ იცვლება, რადგან არსებული პოლიტიკა ადამიანების დაშანტაჟებისთვის საუკეთესო იარაღია.
„ეს არის ადამიანების ჯგუფი რომლებიც ემსახურებიან ერთ ოჯახს, რომელიც მართავს სახელმწიფოს. ამ ოჯახს სჭირდება, ყველას ეშინოდეს სამართალდამცველი სტრუქტურების და ის რომ არაფერი იცვლება ესეც ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა“-ამბობს კოტე იოსელიანი.