საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის დავით მათიკაშვილის განცხადებით, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომაზე საუბარი ზედმეტია.
ასე უპასუხა დეპუტატმა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას - დატოვოს თანამდებობა იუსტიციის მინისტრმა.
„ზოგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ამბიციებსა და ინტერესებს უნდა გავცდეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა მაქსიმალურად იქნა აღებული. ამის დამადასტურებელია, თუნდაც, მთავარი პროკურორის გადადგომა. ქართულ პოლიტიკაში ისეთი რამ ხშირად არ ხდება, როცა ასეთი თანამდებობის პირები პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებენ და ამ ნაბიჯებს დგამენ. იმ აზრისგან შორს ვარ, რომ ამ ნაბიჯით ყველა პრობლემა გვარდება, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილებები პასუხისმგებლობის მანიშნებელია. ჩანს, რომ სახელმწიფო ამ პრობლემის წინაშე ადეკვატურად იქცევა. იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზე საუბარი კი, ზედმეტია”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივ ბრიფინგზე თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა.