„მარინამ არ გაიგოს რომ ჩემგან რამე ისწავლა, თორემ მე არა და, ის ნამდვილად დაგწყევლის...“ - exclusive

14:36 06-05-2018
1660

განსაკუთრებულად მკაცრი იყო გიორგი გაბუნია „მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალში. მისი დაწერილი 4 ქულის გამო, სოფომ ერთ-ერთ კონკურსანტს ქულებიც კი მოუმატა და ათიანი დაუწერა, რომ პროექტიდან არ გავარდნილიყო. მაგრამ მაინც ვერ გადაარჩინა. ნახევარფინალის ბოლოს გაბუნია კულისებში გამოვიჭირეთ.

- გიორგი, სულ ორი კითხვა მაქვს...

- დაგწყევლი (იცინის)!

- ავიტან. დღეს განსაკუთრებულად მკაცრი იყავი...

- ოთოს მიმართ ადრეც ვიყავი ხოლმე მკაცრი, მე ნუ დამაბრალებთ მის გავარდნას. ერთი და იგივე პრეტენზია მქონდა სულ. ოთო ცდილობდა სწორად, გამართულად შეესრულებინა სიმღერა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ნახევარფინალში რაიმე განსაკუთრებული უნდა ეჩვენებინა. ის რაც მხოლოდ შენ შეგიძლია და არავის სხვას.

- კოსტას რატომ გადაეკიდე?

- არ გადავეკიდე. მასაც სულ ერთსა და იმავეს ვეუბნები. კოსტა უნიჭიერესია, მაგრამ საერთოდ არ უყვარს საკუთარ თავზე მუშაობა. აი, ნიჭიერია და ზარმაციო, სწორედ კოსტაზე ითქმის. შეიძლება მუშაობის გარეშე გვაჩვენოს რაღაც განსაკუთრებული, მაგრამ ყოველთვის რაღაც მაკლდება მის შესრულებაში, რასაც ვერ ვიტყვი სოფო ბათილაშვილზე. ყოველთვის ორიგინალურია. რომ გგონია, რაღა უნდა გააკეთოს, მაინც ახერხებს. „იაგუნდი“ რატომ აიტაცა ხალხმა? აღარ გახსოვს რომ კონკურსანტმა იმღერა, რომ მას თეორიულად ვიღაც აფასებს. იმდენად კარგად შეასრულა.

- მაგრამ, ეს ხომ კონკურსანტების ბრალი არ არის, რომ ერთ-ერთი განსაკუთრებით გამოირჩევა სიძლიერით მათგან...

- კონკურსი ესაა, ვინ ვის აჯობებს. გეთანხმები, სოფო ბათილაშვილი რომ არ იყოს, უფრო მაღალ ქულებს დაიმსახურებდნენ დანარჩენები. მაგრამ როცა სხვა შენზე ძლიერია, კრიტიკასაც უნდა მიეჩვიო და შენიშვნებსაც. რაც შეეხება კოსტას, გადეკიდეო, მართლა ვერ დამაბრალებ. ძალიან ბევრჯერ მისი დიდი ინდივიდუალიზმის გამო  ბევრი შეცდომა ვაპატიე. მაგრამ რაღაც მომენტში შენც იღლები და გინდა შენიშვნებზე მიუთითო. აბა რისთვის ვართ აქ.

- რატომ ასწავლე მარინა ბერიძეს ხეზე ცოცვა?

- ანუ?

- მან დაიწყო ყურადღების გამახვილება ჩაცმულობაზე...

- მარინა ბერიძემ არ გაიგოს, რომ რამე ჩემგან ისწავლა, თორემ მე არა და მარინა ნამდვილად დაგწყევლის (იცინის). მივმართავ მარინას, მარინა, ხომ გესმის ჩემი, ყველაფერი შენ იცი, ყოველთვის იცოდი და ყველა შენგან ვსწავლობთ. უფრო სწორად ვერც ვსწავლობთ, მაგალითად მე.

- მარინა ბერიძემ ჩემტან ინტერვიუში თქვა ასეთი ფრაზა, გაბუნიამ უნდა გადაწყვიტოს პოლიტიკური თოქშოუს წამყვანია თუ შოუბიზნესის წარმომადგენელიო... რა გადაწყვიტე?

- სინამდვილეში მე ყველგან საქმის ამრევი ვარ. არც ჟურნალისტი ვარ და ჟურნალისტიკაში არაფერი მესაქმება, არც მუსიკოსი ვარ და მუსიკალურ პროექტშიც არაფერი მესაქმება, პოლიტიკა საერთოდ არ მაინტერესებს და არც მესაქმება. ანუ ვარ ყველგან, სადაც არაფერი მესაქმება, იმიტომ რომ ვარ საქმის ამრევი, ეს არის ჩემი ფუნქცია ყველგან. 

ავტორი: ნინო მჭედლიშვილი