ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა კიდევ ერთი ბერკეტი იქნება, რომ სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ იქნება მიღებული - სოფო ქაცარავა

17:20 06-05-2018
103

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა აცხადებს, რომ მთავრობამ ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე დღეში უნდა წარუდგინოს.

„ველოდებით, რომ მთავრობა პარლამენტს სიას რამდენიმე დღეში წარუდგენს. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, დასკვნა ცხადყოფს, რომ არჩილ ტატუნაშვილის მიმართ მიზანმიმართული ძალადობა განხორციელდა. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საქართველო სტრასბურგის სასამართლოში სასჯელს ამზადებს, სადაც მოპასუხე მხარე რუსეთის ფედერაცია იქნება. ეს დასკვნაც კიდევ ერთი ბერკეტი იქნება იმის, რომ სტრასბურგის სასამართლოში გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ იქნება მიღებული" – განაცხადა ქაცარავამ.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ჩატარებული დასკვნის მიხედვით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე 100-მდე დაზიანებაა აღწერილი.