ერგნეთში მიმდინარე შეხვედრაზე დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს ტატუნაშვილის ცხედარზე არსებულ დაზიანებებზე მოუწევთ განმარტებების გაკეთება

12:09 06-07-2018
89

ერგნეთში შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ქართული მხარე ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას წარუდგენს.

დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან იმ კონკრეტულ დაზიანებებზე უნდა გაკეთდეს განმარტებები, რომელიც სამხარაულის დასკვნაშია ასახული.

შეხვედრაზე ქართული მხარე კვლავ მწვავედ დააყენებს ტატუნაშვილის ორგანოების გადმოცემის საკითხს. ამის შესახებ შეხვედრის დაწყების წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ისაუბრა.

„ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებს ორგანოების გადმოცემაზე წინა შეხვედრაზე უარი არ უთქვამთ. ჩვენ პასუხს ამ საკითხზე მათგან დღეს ველოდებით. მთავარი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის საქმეა. ცხრა საკითხი იქნება დღეს განხილული. მათ შორის ერთ-ერთი ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საქმე იქნება. ასევე, ვისაუბრებთ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე“, – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ირაკლი ანთაძემ.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლენაზე, რაც სადემარკაციო სამუშაოების გაგრძელებად შეაფასა საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ. განიხილება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებიც.

ავტორი: