ერგნეთში შეხვედრა მიმდინარეობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მიმდინარე შეხვედრაზე არ შეუშვეს.
ნანუაშვილი ერგნეთში "ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლის" სტატუსით ჩავიდა და განაცხადა, რომ ის არჩილ ტატუნაშვილის ინტერესების დამცველს წარმოადგენდა.
ყოფილი სახალხო დამცველი შეხვედრაზე დასწრებას და მხარეებისთვის არჩილ ტატუნაშვილის საქმეში არსებული ახალი დეტალების გაცნობას გეგმავდა.
როგორც ნანუაშვილს განუმარტეს, შეხვედრაზე მისი დასწრება წინასწარ შეთანხმებული არ ყოფილა.
მთავარი განსახილველი საკითხი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაა. ქართული მხარე ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას წარუდგენს.
დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან იმ კონკრეტულ დაზიანებებზე უნდა გაკეთდეს განმარტებები, რომელიც სამხარაულის დასკვნაშია ასახული.