პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ გუდაური გაიზრდება სამჯერ, მაგრამ ეს იქნება კანონზომიერად დაგეგმილი და განვითარებული კურორტი, სადაც ყველა საჭირო სივრცე მოეწყობა. პრემიერის განმარტებით, ზამთრის კურორტების განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან 2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება და გუდაურმა მსოფლიოში არსებულ ტრენდს უნდა უპასუხოს:
„მოგეხსენებათ, რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქვეყნის სწორ სივრცით განვითარებას და განსაკუთრებით ჩვენს ზამთრის კურორტებს. საჭიროა, იქ იყოს საცხოვრებელი ზონა, საჭირო რაოდენობით პარკინგი, საფეხმავლო ზოლები, სავაჭრო-გასართობი სივრცეები და ა.შ. კურორტის განვითარების სტიქიურად მიშვება მხოლოდ და მხოლოდ დეველოპერების ბიზნესინტერესებზე დაყრდნობით არასწორ შედეგს მოგვცემს. მე ვფიქრობ, რომ ის სამუშაო, რომელიც მთავრობამ კანადურ კომპანია ეკოზაინთან ერთად განახორციელა, საშუალებას გვაძლევს, რომ გეგმაზომიერად განვავითაროთ გუდაურის უმნიშვნელოვანესი კურორტი. სამ ტერიტორიად იყოფა კურორტი. პირველი - ცენტრალური გუდაური, მეორე- ახალი გუდაური, რომელიც კურორტის მთავარი საფეხმავლო ცენტრი იქნება. საკურორტო დასახლების შენობების პირველ სართულებზე სავალდებულო წესით განთავსდება ტურისტული ინფრასტრუქტურა. მესამე - ეს არის კობი-გუდაურის საბაზო არეალი, რომელიც გუდაურის სათხილამურო არეალთან წვდომას გააუმჯობესებს. ჩრდილოეთის მხრიდან შემომავალ ტურისტებს კლიმატური პირობების მიუხედავად, საშუალება ექნებათ გონდოლის საშუალებით ძალიან მარტივად მოხვდნენ სასრიალო სივრცეში - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ახალ საბაგირო გონდოლს დიდი ამწეობა ექნება და მისი მშენებლობა წელს დაიწყება. ასევე, იგეგმება ჩრდილოეთის ფერდობზე ტრასების განვითარება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩრდილოეთის ფერდობს მზის მიდგომის კუთხით თოვლის შენარჩუნების გაცილებით ხანგრძლივი პოტენციალი აქვს.
14 250 მოთხილამურეს შეუძლია უმასპინძლოს იმ გუდაურმა, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ ერთდროულად. ტრასაზე შეიძლება იდგეს 14 250 მოთხილამურე. მთის განვითარებას მომავალში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა - აღნიშნა პრემიერმა.