"თავს დაგვესხნენ ხელკეტებით, ორი გოგონა სცემეს..." - ვიდეოკადრები კარვიდან, სადაც დაპირისპირება იყო

14:34 06-11-2018
390

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელიც დღეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, კარავში, დაპირისპირებისასაა გადაღებული. როგორც ვიდეოს ავტორი ამბობს, მათ თავს დაესხნენ და ორი გოგონა სცემეს.

"საერთოდ არავინ არაა ჩვენი დამცველი. 12-14 ადამიანი ვართ დარჩენილი. შემოგვივარდნენ ხელკეტებით. ორი გოგონა სცემეს. სისხლი მოსდის ცხვირიდან ერთს", - ამბობს აქციის მონაწილე.

შეგახსენებთ, რუსთაველზე კარვებში დაპირისპირება იყო, რა დროსაც "პრაიმტაიმი" ადგილზე იმყოფებოდა. მედიასაშუალებების წარმომადგენლებს თავად აქციის მონაწილეებმა არ მისცეს კარავში შესვლის საშუალება, და არც ის უთხრეს, რატომ დაიწყო დაპირისპირება კარავში.

ინციდენტის შემდეგ სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს და კარვები გზის სავალი ნაწილიდან პარლამენტის წინ გადაიტანეს.

როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაპირისპირებას თავად აქციის მონაწილეებს შორის მოხდა.

"აქციაზე მოძრაობენ სხვადახვა მოსაზრების ადამიანები, მათ შორის არის დაპირისპირება. არიან ნასვამ მდგომარეობაში, შედიან კარვებში და უპირისპირდებიან ერთმანეთს დასაწოლ ადგილზრ, სასმელზე და სხვა პრობლემებთან დაკავშირებით. არის გაუგებრობა. ჩხუბის ერთ-ერთი ინცინდენტის დროს ჩვენ საპატრულო პოლიცია შევედით კარავში. ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელსაც ეცვა სამხედრო ფორმა განმარტავდა რა მოხდა ამ ინცინდენტის დროს. ჩვენ შევეცადეთ გადაგვეყვანა და გამოგვეკითხა ეს მოქალაქე. მაგრამ აქციის წევრებმა გაგვიწია წინააღმდეგობა. შესაბამისად მოხდა მათი ადმინისტრაციული წესით დაკავება. ზუსტად არ ვიცი რამდნეიმე ადამიანია დაკავებული.  სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ, ვერ არკვევენ რა მიმართულებიყ უნდა წავიდნენ" , - განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ.