"ძალით აათრიეს დარბაზში, ზედ დაალეწეს თეფშები" - დაპირისპირება კუპრავასა და სამართალდამცავებს შორის

15:04 06-11-2018
627

სამართალდამცვებსა და უფლებადამცველ ზვიად კუპრავას შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლუკა ფეიქრიშვილმა "პრაიმტაიმთან" ისაუბრა.

მისი თქმით, ინციდენტი სამართალდამცავებმა დაიწყეს. 

"სამსაათიანი შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც ზვიად კუპრავა, ზაზა სარალიძე, და ზვიად კუპრავას მეუღლე ხატია ბუფეტში ჩამოვიდნენ საჭმელად. მოსამართლეს ნათქვამი ჰქონდა, რომ სამ საათამდე იყო შესვენება და სრული უფლება ჰქონდათ, რომ ეჭამათ. ამის შემდეგ ჩამოვიდა საპატრულო პოლიცია. ზუსტად ის თანამშრომლები იყვნენ, ვინც ზვიად კუპრავა და ცუცქირიძე დააკავეს. შემოვიდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მოსამართლე ელოდებოდა მათ დაუყოვნებლივ. ამის შემდეგ აუტრიალეს თეფშები, დაალეწეს ფეხებზე  და ამის შემდეგ ძალის გამოყენებით აათრიეს სასამართლო დარბაზში", - განაცხადა ლუკა ფეიქრიშვილმა.

შეგახსენებთ, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, დრეს დილით მომხდარი დაპირისპირების დროს დაკავებული ოთხი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 

 

ლელა მდივანი