მიხეილ კალანდიამ თვითონ მკითხა: მერაბი ძია, თქვენ როგორ მოიქცეოდითო, რა ზემოქმედება, ეს კრეტინიზმი საიდან მოიტანეთ? - მერაბ მორჩაძე

15:10 06-11-2018
239

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულმა მერაბ მორჩაძე წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მიხეილ კალანდიას მშობლის თანდასწრების გარეშე არასდროს შეხვედრია.

ამის შესახებ მერაბ მორჩაძემ პროცესზე განაცხადა. 

"რა თანხა შევთავაზე? რა თანხა მივუტანე? არც ერთხელ მივსულვარ კალანდიებთან და არ დავლაპარაკებივარ დედამისის გარეშე. მესიჯი მივიღე თვენახევრის შემდეგ - ამაზე მეტი რა გაგვიჭირდება, სად ხარ, რატომ არ ჩანხარ. ნომერი უცნობი იყო ჩემთვის და ჩავთვალე ეს ხალხი იყო. ამიტომაც მივედი ოჯახში. მიხეილ კალანდიამ თვითონ მკითხა: მერაბი ძია, თქვენ როგორ მოიქცეოდითო. ვუთხარი ვიტყოდი მხოლოდ სიმართლეს-თქო. რა ზემოქმედება, ეს კრეტინიზმი საიდან მოიტანეთ? გამაფრთხილეს კიდეც პროკურატურაში მეტი არაფერში ჩაერიოო. ოთხი ადამიანის ჩვენება წამაკითხეს, ერთი მიხეილ კალანდიასი, რომელმაც 7-ჯერ სხვადასხვაგვარად ილაპარაკა და საერთოდ ვერ გავიგე რა უნდოდა. სუბელიანის, რომელიც მე საერთოდ არ მახსენებს. კიდევ ვიღაც ბებოსი, რომელიც ასევე არ მახსენებს მე და კიდევ ლუკა კალანდიასი, რომელიც ასევე არაფერს არ ამბობს ჩემზე", - განაცხადა მორჩაძემ.