გენინსპექციაში მივდივარ კუპრავას და დანარჩენი დაკავებულების დისკრედიტაციისთვის - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.
ეს იყო წინასწარ გაწერილი. მიზანი არის კუპრავას და ჩემი მეგობრების დისკრედიტაცია, რომ ისინი ვეღარ დაესწრონ აქციას,- განაცხადა სარალიძემ.
მისივე თქმით, იმ პოლიციელების წინააღმდეგ, ვინც კუპრავას და სხვების დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციას მიმართავს, მანამდე კი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს დილით რუსთაველის გამზირზე 4 პირი დააკავა, მათ შორის იყო ზვიად კუპრავა.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ 11 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულია 4 პირი: 1983 წელს დაბადებული ლ.ც.; 1983 წელს დაბადებული ზ.კ.; 1995 წელს დაბადებული დ.ჭ. და 1993 წელს დაბადებული ნ.გ.
დაკავებულ ზვიად კუპრავას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.