2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 3 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 24 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან ორი, ბექა ბუთურიშვილს და სერგი კაპანაძე დღემდე დაკარგულად ითვლება. დაღუპულებს შორის იყო ზოოპარკის სამი თანამშრომელი და მაშველები.
სტიქიური უბედურება 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო. მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და მზიურის პარკი. თითქმის მთლიანად განადგურდა ზოოპარკი და მზიურის ბაღი. წყალდიდობის შემდეგ თბილისის ცენტრალურ ქუჩებში აღმოჩნდნენ ზოოპარკის მობინადრეები. ცხოველების დიდი ნაწილი კი წყალდიდობას ემსხვერპლა. საერთო ჯამში ზარალმა 50 მილიონი ლარი შეადგინა.