საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე გიორგი კვირიკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას სოციალური ქსელით ეხმაურება:
"ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გავატარე ჩემი საჯარო საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პერიოდი. მან მომცა შესაძლებლობა ერთად გვემუშავა როგორც ეკონომიკის სამინისტროში, ასევე, საგარეოსა და მთავრობაში. ის არის ძალიან ღირსეული ადამიანი, უდიდესი პატრიოტი და პროფესიონალი. მე უდიდესი გამოცდილება შევიძინე მასთან მუშაობით და მოხარული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ხელშესახებ შედეგებს მივაღწიეთ ეკონომიკურსა და საგარეო პოლიტიკაში. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი სახით დიდი მეგობარი შევიძინე. დიდი მადლობა, გიორგი! წარმატებებს გისურვებ!" - წერს ჯანელიძე.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა. შესაბამისად, მინისტრთა კაბინეტიც თავიდან იქნება დასამტკიცებელი.