ლევან კობერიძე პრემიერის გადადგომას არა ეკონომიკას, არამედ მართლმსაჯულებასთან არსებულ პრობლემებს უკავშირებს

22:15 06-13-2018
122

დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ პრემიერის მიერ თანამდებობის დატოვებას არ ელოდა. რაც შეეხება გადადგომის მიზეზს, კობერიძის აზრით ეს ეკონომიკურ პრობლემებს არ უკავშირდება.

უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ საქართველოში მთავარი და მნიშვნელოვანი პრობლემა სამართლიანობის შეგრძნებასთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორისაა სარალიძის საქმე:

"ჩემთვის პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი არ იყო. პრემიერმა ქვეყანა ჩაიბარა 2%-იანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის პარამეტრით და დღეს ეკონომიკური ზრდა არის 6.5%. თუ მისი მმართველობის პერიოდში, საერთო ასპარეზზე ამ ხნის განმავლობაში გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი  წინსვლა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. ქვეყანაში ეკონომიკური ნელი, მაგრამ სტაბილური წინსვლა შეინიშნება და გავითვალისწინებთ იმას, რომ მთელი რიგი მიმართულებით გვაქვს მხოლოდ დადებითი ძვრები, არ იყო ჩემთვის მისი გადადგომა მოსალოდნელი.

ეკონომიკურ პარამეტრებში დღეს დღეისობით რა თქმა უნდა, სასურველია უფრო მეტი ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა და უფრო მეტი სისწრაფე, თუმცა ვთვლი, რომ ამ თვალსაზრისით, სწორედ ეკონომიკასთან დაკავშირებით, როდესაც შეფასებები, მათ შორის, არა მარტო ლოკალური, საერთაშორისო ექსპერტების მოსახლეობის განწყობებს და ა.შ, ვერანაირად მიუთითებს იმაზე, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მიზეზი პრემიერის გადადგომის. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები ჩვენ გვაქვს სამართალიანობის შეგრძნებასთან დაკავშირებით საქართველოში, ასევე, სასჯელის აუცილებლად დადგომის აუცილებლობასთან დაკავშირებით რიგ საქმეებზე, მათ შორის დავით სარალიძის საქმესთან დაკავშირებით ანუ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით უფრო გვაქვს პრობლემები და გარღვევები.

პრობლემები და გამოწვევები მართლმსაჯულების ნაწილში გვაქვს, რასაც მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯებით უნდა უპასუხოს და თუ ამ ნაწილში მნიშვნელოვან წინსვლას ვერ ვახერხებთ, მაშინ მე პირადად, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხს დავაყენებდი" - განაცხადა ლევან კობერიძემ "იმედთან" საუბრისას.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა. კანონის მიხედვით, ახალი პრემიერის არჩევასთან ერთად, მინისტრთა კაბინეტი თავიდან იქნება დასამტკიცებელი.

ავტორი: