ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ მიიღო. რეზოლუციას ცოტა ხნის წინ ეყარა კენჭი და ხმათა სრული უმრავლესობით დამტკიცდა.
რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მასში აღნიშნულია, რომ სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარება არის ევროპული უსაფრთხოების წესრიგის ძირითადი პრინციპი. საქართველოს კონფლიქტის მოგვარება არსებითია ევროპულ კონტინენტზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად. კონფლიქტები და საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაცია წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ევროპული ქვეყნების სუვერენიტეტისთვის.
ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულების უპირობო შესრულებისკენ. განსაკუთრებით იმ ვალდებულების შესრულებისკენ, რომელიც გულისხმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას.
ასევე, ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, მისცეს უპირობო წვდომა ევროკავშირის მონიტორინგის მისიას, რათა მისიამ შეასრულოს მანდატით დაკისრებული მოვალეობა საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.
ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ბორდერიზაცია.
ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს ხელისუფლების ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანებისთვის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე, ხალხთა შორის კონტაქტს და გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენას.
ევროპარლამენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის ორპარტიული რეზოლუციის მიღებას, რომელიც აწესებს შავ სიას იმ ადამიანების, ვინც პასუხისმგებელია ასეთი დანაშაულების ჩადენასა და დაფარვაში.(ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია).
ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს და ევროსაბჭოს სანქციების შავ სიას დაამატონ ის ადამიანები, ვინც იქნება ჩართული და მომავალში დაემატება ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიას.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი