ევროპარლამენტმა საქართველოსთვის მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - თამარ ჩუგოშვილი

11:51 06-15-2018
586

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებით, ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს მიმართ ერთსულოვან მხარდაჭერაზე მიუთითებს, რაც ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა:

„ევროპარლამენტმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - მან პირველად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ოკუპაციის პრობლემას, დევნილების თემატიკას, ტატუნაშვილის და ოთხოზორიას გარდაცვალების საკითხს და იმ რეზოლუციას, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. ევროპარლამენტს არასდროს არ მიუღია ერთიანი დოკუმენტი, ერთიანი გადაწყვეტილება კონკრეტულად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით.

ათი წლისთავი სრულდება 2008 წლის ომიდან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპულ ქვეყნებს მუდმივად ჰქონდეთ დღის წესრიგში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ეს საკითხი არ ჩაიკარგოს სხვა პრობლემებს შორის, არ გაქრეს დღის წესრიგიდან. რეზოლუცია გვეხმარება, რომ სწორი აქცენტები დაფიქსირდეს რუსეთთან, საქართველო-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებით, საკითხი იყოს აქტუალური, ახსოვდეთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს და მუდმივად გვიჭერდნენ მხარს საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარების კუთხით. მხარდაჭერა იყო ერთსულოვანი, რაც ადასტურებს, რომ მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ზოგადად, საქართველოს, ერთხმად უჭერენ მხარს" - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია – „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ინტერვენციიდან 10 წლის შემდეგ“ გუშინ მიიღო. 

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ევროპარლამენტი რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებული ხელშეკრულების უპირობო შესრულებისკენ. განსაკუთრებით იმ ვალდებულების შესრულებისკენ, რომელიც გულისხმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვებას.

ასევე, ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ავტორი: