მოლოდინი მაქვს, რომ როცა იქნება, ყველანი დაისჯებიან - არჩილ ტატუნაშვილის მამა სასამართლო პროცესზე მივიდა

14:24 06-15-2018
131

"მოლოდინი მაქვს, რომ როცა იქნება დაისჯებიან. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს. გამოავლინეს ეს ორი პიროვნება და დანარჩენებსაც, ვინც წამებაში იღებდა მონაწილეობას, ეტაპობრივად გამოვლინდებიან ისინიც" - ამის შესახებ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამამ, გიორგი ტატუნაშვილმა განაცხადა. 

ოჯახის ადვოკატი, თამარ ავალიანი განმარტავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ ორი პიროვნების იდენტიფიცირება, რომელთა აღმკვეთ ღონისძიებაზეც დღეს სასამართლო იმსჯელებს, თუმცა, მთავარია იმ პირების გამოვლენა მოხდეს, ვინც უშუალოდ აწამა და მოკლა არჩილ ტატუნაშვილი.

"დღეს გაიმართება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი, იმ ორი პირის მიმართ, რომელთა იდენტიფიცირებაც  ქართულმა გამოძიებამ შეძლო. ესენი არიან: გურწიევი და ტაბოევი, რომლებიც არიან სამართალდამცავი და უშიშროების დაწესებულებების წარმომადგენლები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში. აღნიშნული პირები არიან ის პირები, რომელბმაც თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს არჩილ ტატუნაშვილს და იმ ორ პირს, რომლებიც მასთან ერთად იმყოფებოდა. ისინი არიან წამებაში დამხმარეები, რომლებმაც გადასცეს ცხინვალის სამართალდამცავ ორგანოებს საწამებლად არჩილ ტატუნაშვილი.

მნიშვნელოვანია, რომ მათი იდენტიფიცირება მოხდა და გამოძიებამ ამ მიმართულებით დამაკმაყოფილებლად იმუშავა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მოხდეს იმ პირების იდენტიფიცირება, რომელთაც უშუალოდ აწამეს არჩილ ტატუნაშვილი და მიაყენეს ასამდე დაზიანება.

ის პირები, რომლებმაც უშუალოდ აწამეს არჩილ ტატუნაშვილი, არ არიან იდენტიფიცირებულები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება" - განაცხადა ადვოკატმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

მცხეთის სასამართლოში დღეს არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პირველი სხდომა გაიმართება. პროცესზე მოსამართლე დავით გურწიევისა და ალეკ ტაბოევისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

პროკურატურამ, არჩილ ტატუნაშვილის, ლ.ქ-სა და ი.პ-ს მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინა.

დავით გურწიევისთვის და ალიკ ტაბოევისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



ავტორი: