ტატუნაშვილის საქმეზე სასამართლომ ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

15:01 06-15-2018
217

არჩილ ტატუნაშვილის წამების საქმეზე ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულების ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ არ არსებობს მტკიცებულებები და უნდა გათავისუფლდნენ:

საქმეში არ არსებობს არცერთი სახის მტკიცებულება, რომელიც ასახავს დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის ბრალეულობას. მათ არც იციან, რომ დღეს სასამართლო პროცესი იმართება. ეს ინფორმაცია ამ ადამიანებისთვის არ მიუწოდებიათ. ამის გამო მოვითხოვ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს არანაირი პატიმრობა არ შეეფარდოს - განაცხადა ბრალდებულების ადვოკატმა ქეთევან თალაკვაძემ.

საქმის პროკურორის ინფორმაციით კი, ორივე ბრალდებულს შეტყობინებები გაეგზავნათ. ორივე ბრალდებული ინფორმირებული იყო, რადგან სატელეფონო კავშირი შედგა და პასუხიც მიიღეს.

ორივე ბრალდებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მორიგი სასამართლო სხდომა 9 აგვისტოს 14:00-ზე ჩაინიშნა.

მცხეთის სასამართლოში დღეს არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით პირველი სხდომა გაიმართა. პროცესზე მოსამართლემ დავით გურწიევისა და ალეკ ტაბოევისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა.

პროკურატურამ, არჩილ ტატუნაშვილის, ლ.ქ-სა და ი.პ-ს მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და არჩილ ტატუნაშვილის ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად გუშინ წარუდგინა.

დავით გურწიევისთვის და ალიკ ტაბოევისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

ავტორი: